ახალი ამბები

ქვეყანში დაძაბულობის შექმნა ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს – სალაძე საპატრიარქოს განცხადებაზე

24 მაისი, 2018 • 5039
ქვეყანში დაძაბულობის შექმნა ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს – სალაძე საპატრიარქოს განცხადებაზე

საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე ნეტგაზეთთან ეხმაურება საპატრიარქოს განცხადებას და ამბობს, რომ ქვეყანაში დაძაბულობის შექმნა და საზოგადოების ჯგუფების გათიშვა ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს.

გავრცელებული განცხადებით საპატრიარქო ბოიკოტს უცხადებს რუსთავი 2-ს მისი გადაცემის შინაარსის გამო და მოუწოდებს ხელისუფლებას,  გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა შეიქმნას საზოგადოების დამცავი სამართლებრივი და სხვა სახის  მექანიზმები და გატარდეს შესაბამისი პოლიტიკა, რომ “ქვეყანა არ დადგეს უმართავი პროცესების განვითარების საშიშროების წინაშე”.

სულხან სალაძის თქმით, ამ მოწოდების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება, რა იქნება მისი შეფასებები როგორც სიტყვით, ასევე მოქმედებით.

“ბოლო პერიოდის მოვლენებს ერთმანეთისგან დამოუკდებლად არ განვიხილავ. მაინც მგონია, რომ ეს მოვლენები რაღაც კავშირში არის ერთმანეთთან და თუ ამ ლოგიკას გავყვებით და ვის შეიძლება აწყობდეს ყველაზე მეტად, რაღაც ტიპის დაძაბულობის ფონის შექმნა ქვეყანაში, ეს გათიშულობა საზოგადოების ჯგუფებს შორის, ალბათ, ეს არის მაინც ერთი სახელმწიფო, რუსეთი და ის, თუ როგორ მოქმედებს რუსული პროპაგანდა და როგორ მუშაობს ზოგადად… მე არ ვამბობ, რომ ეკლესია ამ განცხადებით რუსეთის პოზიციას ახმოვანებს, მაგრამ, კონტექსტიდან გამომდინარე, თუ ვილაპარაკებთ გართულებებზე და მაისის თვეში განვითარებულ მოვლენებზე, რაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ, ეს ალბათ ყველაზე მეტად იმ სახელმწიფოს ინტერესებში უნდა იყოს და არა იმ ქვეყნის ხელისუფლებისა, რომლის მისწრაფებაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაა,”- განაცხადა სულხან სალაძემ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, დადგება თუ არა ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლების დასაცავად და საუბრობს ბესელია-გოგიჩაიშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პრობლემურობაზე:

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ამ სიტუაციში რა პოზიციას დაიჭერს ხელისუფლება, დადგება თუ არა გამოხატვის თავისუფლების დაცვის სადარაჯოზე და როდესაც ამ საკითხებზე დაიწყებს ღია დისკუსიას, გამოხატვის თავისუფლება იქნება თუ არა ის მნიშვნელოვანი ელემენტი ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც არ უნდა შეუქმნას პრობლემა.

სასამართლოს მიერ აიისას საქმზე მიღებული გადაწყვეტილება მე პოზიტიური მოლოდინის წინაპირობას არ მიტოვებს, ყოველ შემთხვევაში, სასამართლოს თვალსაზრისით. ამიტომაც, ვისაც შეუძლია, რომ სამომავლოდ ეს რისკები დააზღვიოს, არის აღმასრულებელი  და განსაკუთრებით, საკანონმდებლო ხელისუფლება, ვინც კანონმდებლობაში არ უნდა მოახდინოს ისეთი ჩარევა, რომელიც შემდომში სხვა ტიპის პრობლემებს შეგვიქმნის,”- განაცხადა სულხან სალაძემ.

საპატრიარქო სამღვდელოებას მოუწოდებს, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა რუსთავი 2-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ არხის არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. ასევე აცხადებს, რომ სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ეკლესია და მისი ფასეულობები.

სულხან სალაძე ამბობს, რომ რუსთავი 2-ისთვის ბოიკოტის გამოცხადების შესახებ მოწოდებას შეიძლება სხვა მიზნებიც ჰქონდეს:

“რუსთავი 2-თან მიმართებით როდესაც ვლაპარაკობთ, თუ ბოლო პერიოდის მოვლენებს გავიხსენებთ, მანამდე, თუნდაც ციანიდის საქმეს, ყველაზე ხშირად სატელევიზიო მედიასაშუალებებში მნიშვნელოვან ინფორმაციას სწორედ რუსთავი 2-ის საშუალებით ვიგებდით. ამას ემატებოდა ისიც, რომ რეალურად, ის ადამიანები, რომლებსაც შეიძლება განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ ეკლესიაში, სწორედ ამ მედიასაშუალებითაც საუბრობდნენ მათ შორის და შეიძლება ეს იყოს კავშირში არა მარტო იმ გაცხადებულ მიზეზთან, როგორც საპატრიარქოს აქვს, არამედ სხვა მიზეზიც ჰქონდეს ამ ტიპის მოწოდებას”- განაცხადა სულხან სალაძემ ნეტგაზეთთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი