ახალი ამბები

საია მიიჩნევს, რომ გეი აქტივისტის უსაფრთხოებას რეალური საფრთხე ემუქრება

24 მაისი, 2018 • 1737
საია მიიჩნევს, რომ გეი აქტივისტის უსაფრთხოებას რეალური საფრთხე ემუქრება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაიციაა მიიჩნევს, რომ გეი აქტივისტს, ნიკა გორგილაძეს, რომელსაც მთავრობის კანცელარიასთან 17 მაისს მიმდინარე ანტიჰომოფობიურ აქციაზე თავს არასრულწლოვანი დაესხა, რეალური საფრთხე ემუქრება.

“საია გამოხატავს შეშფოთებას იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც ზემოხსენებული ფაქტის შემდგომ განვითარდა, კერძოდ, ნიკა გორგილაძე მუდმივად იღებს მუქარის შემცველ გზავნილებს სოციალური ქსელის მეშვეობით, ასევე, ნიკას განცხადებით, იგი ყოველდღიურად ხდება აგრესიის და შეურაცხყოფის მსხვერპლი ქუჩასა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ძალადობასა და მუქარას იმდენად ინტენსიური ხასიათი აქვს, რომ ნიკას ყოველდღიური ცხოვრების წესი საფრთხის ქვეშაა. ის მუდმივად განიცდის დაუცველობის შეგრძნებასა და შიშს”,- ნათქვამია საიას განცხადებაში.

ნიკა გორგილაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით საიამ როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა და ითხოვა ზემოაღნიშნულ ფაქტებზე რეაგირების განხორციელება, ხოლო ნიკას მიმართ- დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება.

ნიკა გორგილაძეს არასრულწლოვანი ბიჭი თავს დაესხა სიტყვით გამოსვლისას. პოლიციამ ის მალევე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელი 15 წლის არის.

“ს.კ-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა დააკავეს. გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის 1-ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი