ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის რევოლუციის ეიფორია საერთაშორისო მედიაში

24 მაისი, 2018 • 5611
სომხეთის რევოლუციის ეიფორია საერთაშორისო მედიაში

მსოფლიო მედიამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის რეგიონი აქტიურად გააშუქა. მასალების აბსოლუტური უმრავლესობა ერევნის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებსა და სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევას მიეძღვნა. დამაგვირგვინებელი პროცესების შემდეგ კი წამყვანი გამოცემები მკითხველს უყვებოდნენ სპონტანური რევოლუციის მიზეზებსა და შესაძლო შედეგებზე.

შეკრებილი დემონსტრანტები ერევნის მთავარ მოედანზე ნიკოლ ფაშინიანს ესალმებიან; ფოტო: ნარეკ ალექსანიანი

შეიძლება ითქვას, მსოფლიო მედიისთვის სომხეთის ამბების ქრონიკა ორი ყველაზე თვალშისაცემი მოულოდნელობით ხასიათდებოდა: პირველ რიგში, რთული წარმოსადგენი იყო, რომ სარგსიანის პრემიერად დანიშვნამდე დაწყებული კამპანია (რომელსაც პოლიტოლოგი მიკაელ ზოლიანი პოლიტიკურ ტროლინგად მოიაზრებდა) დიდ მასშტაბებს მიიღებდა, თანაც, ასე სწრაფად. მეორე მხრივ კი, მოულოდნელი იყო თავად სარგსიანის გადაწყვეტილება, რომელმაც 10=წლიანი მმართველობისა და პრემიერის პოსტის განაღდების შემდეგ შეცდომები აღიარა და თანამედბობიდან წავიდა.

რევოლუცია, რომელსაც არ ელოდნენ – მედია საპროტესტო ტალღის ზრდისა და ფაშინიანის როლზე

როგორ აღზევდა ფაშინიანი? – კითხვა დღის წესრიგში უფრო მკაფიოდ დადგა რევოლუციის ეიფორიიდან გამოსვლის შემდეგ. ამის შესახებ წერს “ევრაზიანეტიც”, რომელმაც ვრცლად მიმოიხილა მანამდე არც ისე პოპულარული ფაშინიანის პოლიტიკური წარსული და მისი მოძრაობის ელვისებური სისწრაფით ზრდის მიზეზები.

“ყოველთვის ისე ჩანდა, რომ ის[ფაშინიანი] ან გიჟი იყო, ან მთავრობისგან ფინანსდებოდა. თუმცა ახლა, როცა იაზრებ, ხვდები, რომ ყოველივე ამას[ფაშინიანის ქმედებებს] ჰქონდა აზრი”, – აცხადებს ანალიტიკოსი მიკაელ ზოლიანი გამოცემასთან საუბრისას.

“ევრაზიანეტის” შეფასებით, ფაშინიანმა გასული წლების საპროტესტო მოძრაობებიდან ბევრი ისწავლა: დადებითი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა პოლიციის მიმართ, მოულოდნელად არჩევდა ადგილებს პროტესტისათვის, მათ შორის, კამპუსებსა და რადიოსადგურებს, და აქტიურად მუშაობდა მშრომელთა კლასის დასახლებებში, რომელიც აქამდე პოლიტიკურ აქტივობებს მოკლებული იყო. სსტატიის ავტორის აზრით, პროტესტის წარმატების კიდევ ერთი მიზეზი დეცენტრალიზაციაა: აქტივობები, რომლებიც კონკრეტული ლიდერისაგან დამოუკიდებლად, სტუდენტებისა და სხვათა მიერ იგეგმებოდა და შედეგიც გამოიღო.

“როცა ბარმენი შენს სასტუმროში კარადას აღებს და ეროვნულ დროშას გადმოფენს, რათა საპროტესტო მოძრაობას მხარი დაუჭიროს, ხვდები, რომ რაღაც ფუნდამენტურად იცვლება” – წერს BBC-ს ჟურნალისტი სომხეთში განვითარებული მოვლენების შეფასებისას. სტატიაში მედიასაშუალება მკითხველს უამბობს,  რატომ და როგორ დასრულდა ხავერდოვანი რევოლუცია უსისხლოდ; როგორ დაიწყო ხაკისფერ მაისურში გამოწყობილმა ფაშინიანმა საპროტესტო მოძრაობა ქალაქ გიუმრიში რამდენიმე ადამიანთან ერთად და როგორ იქცა პატარა მსვლელობა მრავალათასიან პროტესტად.

BBC-ის შეფასებით, მოცემული პერიოდი პირველია 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, როდესაც სომხებს უკეთესი მომავლის იმედი აქვთ. პროტესტის უეცარ ზრდასთან დაკავშირებით კი მასალაში ორი მიმართულება იკვეთება: უკმაყოფილება სარგსიანის მთავრობის პოლიტიკით, რომელმაც ხელისუფლებაში დარჩენა არაპირდაპირი გზებით მოისურვა, და ფაშინიანის, როგორც საიმედო ლიდერის ფაქტორი.

მსგავს ნარატივს იზიარებს გერმანული Deutche Welle-ს ანალიტიკური სტატიაც.

“სომხები ამაყი ხალხია და ამის მიზეზიც აქვთ: ათასწლეულის მანძილზე შეძლეს, გადარჩენილიყვნენ ცვალებადი ისტორიის პირობებში, ამავე დროს კი, შეენარჩუნებინათ იდენტობა; პირველი ერი იყო, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. მსოფლიო მასშტაბით სომხური დიასპორა მხარს უჭერს სამშობლოს და ეკონომიკურადაც ეხმარება მას. ახლა მათ მშვიდობიანი რევოლუციითაც შეუძლიათ იამაყონ”, – აღნიშნავს ავტორი.

ის სომხეთში გამეფებულ კორუფციაზე მიუთითებს და, ერთი მხრივ, მეზობელ საქართველოსთან შედარებით მაღალ ფასებს, მეორე მხრივ კი, ადგილობრივ ეკონიმიკაში ინვესტიციათა ნაკლებობას უსვამს ხაზს. რევოლუციის წინაპირობების შეფასების ფონზე, აწ უკვე პრემიერ ფაშინიანს ჟურნალისტი ასე აფასებს:

“ფაშინიანსა და მის გუნდს კონკრეტული ხედვები აქვთ მომავლისათვის. ისინი არიან პრაგმატულები და არა რომანტიკოსები, რომლებიც გამარჯვების ეიფორიაში მომავლის ხედვას კარგავენ”.

მომავლის ფაშინიანისეული ხედვა არ განუჭვრეტია, თუმცა ეკონომისტმა არმინე იშქანიანმა “ალ ჯაზირაზე” გამოქვეყნებულ სტატიაში იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომელთა გადალახვაც სომხეთის ახალ მთავრობას მოუწევს.

“სომხეთისთვის მზა მოდელი არ არსებობს. ქვეყნის გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა აღმოფხვრან შეცდომები, რომლებიც საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ დაიშვა, როცა რიგი მეთოდები პირდაპირ იქნა იმპორტირებული და მიღებული ისე, რომ ადგილობრივ კონტექსტს ვერ მოერგო”, – აღნიშნავს იშქანიანი.

მისი შეფასებით, ახალი მთავრობა სამი უმთავრესი გამოწვევის წინაშე დგას: ებრძოლოს სარგსიანის “რესპუბლიკური პარტიის” დროინდელი ოლიგარქების აგრესიას, ოღონდ ისე, რომ პოლიტიკურ ვენდეტაში არ გადაიჭრას; დააბალანსოს პოლიტიკური კომპრომისები და პრინციპები; დაარეგულიროს ურთიერთობა საგარეო, როგორც სახელმწიფოებრივ, ისე არასახელმწიფოებრივ ძალებთან.

მედია პლატფორმა “Open Democracy” კი ახალი მთავრობის ერთ გამოწვევას ეხება, თუმცა უფრო ვრცლად და კონკრეტული მაგალითებით: საქმე, ამ შემთხვევაში, სომხეთის სამართლებრივ სისტემას ეხება. გამოცემა “კავკასიის კვლევის ცენტრის” გამოკითხვას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, სისტემას სრულად სომეხთა 4% ენდობა.

გამოცემა სამ მიმართულებას გამოყოფს: პოლიციის მიერ საპროტესტო გამოსვლებისას ძალის გადამეტება, სასამართლოს მიერ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საქმეებზე ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობები და არაპროპორციული სასჯელები ოპოციციისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ. “Open Democracy” განსაკუთრებულ ყურადღებას 2008 და 2016 ერევანში გამართულ საპროტესტო გამოსვლებზე ამახვილებს, როცა ადამიანის უფლებები უხეშად დაირღვა.

ავტორის აზრით, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების გადაწყვეტა რთული იქნება, თუმცა მნიშვნელოვანია, სომხებს სამართლებრივი სისტემის მიმართ რწმენა დაუბრუნდეთ.

ორიენტაციის ნაკლებად მოსალოდნელი ცვლილება – რუსეთი და სომხეთი რევოლუციის შემდეგ

კარიკატურა Deutche Welle-ს მასალიდან

გაუფრინდება თუ არა რუსეთს ჩიტი სომხეთის სახით, როგორც ეს Deutche Welle-ს კარიკატურაზე ჩანს, ჯერ კიდევ რევოლუციურ ორომტრიალში აღძრავდა ინტერესს. რუსეთის საწინააღმდეგო გზავნილები პროტესტის მონაწილეების მხრიდანაც ხმიანდებოდა. თუმცა არც მაშინ და არც ახლა არავის აქვს ილუზია, რომ ერევანი თავისი უმთავრესი მოკავშირის მიმართ პოლიტიკას ერთი ხელის მოსმით შეიცვლის.

ასე ფიქრობს ზემოაღნიშნული Deutche Welle-ს მიმომხილველიც, თუმცა მიიჩნევს, რომ საგარეო კურსის ძირითადი ასპექტების უცვლელობა დასავლეთთან დაახლოების შანსებს არ აქრობს:

“რუსეთი დარჩება სომხეთის დამცველ სახელმწიფოდ მომავალშიც. ყველა სხვა სცენარი ეწინააღმდეგება პოლიტიკურ, ეკონიმიკურ და კულტურულ ფაქტებს, ასევე, თავად სომეხთა სურვილს. ისტორიულ მიზეზთა გამო ისინი რუსეთთან ახლოს დარჩებიან, თუმცა ეს დასავლეთთან დაახლოებას არ გამორიცხავს”.

აღნიშნულ საკითხს “როიტერსი” ვრცელი სტატიით შეეხო, რომელშიც ღია თუ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით რევოლუციის პერიოდში როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მოსკოვთან კომუნიკაცია განიხილა.

ავტორის თქმით, უკრაინის მოვლენებისგან განსხვავებით, რუსეთს არ წაუქეზებია მმართველი ელიტა საპროტესტო კამპანიის ჩასახშობად.

” “როიტერსს” არ აქვს არანაირი მტკიცებულება, რომ მოსკოვი პროცესებში აქტიურად ერეოდა. თუმც, მოსკოვის გადაწყვეტილება, არ გაეკეთებინა ეს, საკმარისი იყო იმისათვის, რომ ბალანსი პროტესტის მონაწილეთა სასარგებლოდ გადახრილიყო”, – აღნიშნულია სტატიაში.

არადა, გასულ წელს, ჯერ კიდევ პარლამენტის დეპუტატი ფაშინიანი რუსეთის მიმართ მეტი სკეპტიციზმით გამოირჩეოდა. ის მხარს უჭერდა სომხეთის “ევრაზიული კავშირიდან” გამოსვლას, ასევე, რუსეთის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციის, “კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის” მიმართაც ახმიანებდა კრიტიკას. თუმცა ამჟამად აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა არ იგეგმება.

აღნიშნულთან დაკავშირებით “ევრაზიანეტი” სომხეთში მომუშავე ანალიტიკოსებს ესაუბრა, რომელთა მიდგომები განსხვავებულია: ისტორიკოსი ანტონ ევცრატოვი მიიჩნევს, რომ ფაშინიანი პროდასავლური ფიგურაა, თუმცა რუსეთთან არსებული მჭიდრო ეკონომიკური და სამხედრო ურთიერთობების გამო ამ მიმართულებით ნაბიჯებს ვერ დგამს.

თუმცა ევრაზიული ორიენტაციის მხარდამჭერი იური ქოფნერი ფაშინიანს ევროსკეპტიკოს ნაციონალისტად მოიხსენიებს, რომელსაც თანამდებობა აიძულებს, ზომიერება დაიცვას.

იმას, რომ რუსეთის ინტერესებს სომხეთში საფრთხე დაემუქრება, გამორიცხავს გამოცემის კიდევ ერთი რესპონდენტი, ყოფილი პარლამენტარი და დასავლური კურსის მომხრე სტიოპა საფარიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ ფაშინიანი ბოლომდე არ ემხრობა არც რუსულ და არც დასავლურ ორიენტაციას.

თუმცა, საფარიანის აზრით, არის მოვლენა, რომელიც სომხეთში მოქმედი პროდასავლური ძალების პოზიციებს განამტკიცებს: ღია და თავისუფალი არჩევნები უსისხლო რევოლუციის შემდეგ.

 

თვალი ადევნეთ ნეტგაზეთს:

მასალების გადაბეჭდვის წესი