ახალი ამბები

რუსეთს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა – საქართველო Vs. რუსეთი სტრასბურგის სასამართლოში

23 მაისი, 2018 • 2480
რუსეთს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა – საქართველო Vs. რუსეთი სტრასბურგის სასამართლოში

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” მოსმენის დროს რუსეთს არგუმენტები არ ჰქონდა.

„როგორც შეგპირდით და განვაცხადეთ, ეს იყო უკომპრომისო, ოღონდ სამართლიანობისა და სამართლისთვის ბრძოლა.  ამ შემთხვევას, ამ საქმეს ექნება მნიშვნელობა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპის ფარგლებში სხვა კონფლიქტებისათვის. პირველ რიგში, ეს არის უკრაინა და მოლდოვა. მეორე მომენტია ის, რომ თავად ნახეთ და თავად შეგიძლიათ შეაფასოთ რუსული კონტრარგუმენტების ე.წ. ხარისხი. არგუმენტების ნაცვლად ჩვენ მოვისმინეთ ისევ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ და ერთადერთი პასუხი, რომ ეს არის ან სიყალბე, რაც საქართველომ წარმოადგინა, ან შეთქმულება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციას დღეს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ.

სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დღევანდელ ზეპირ მოსმენაზე სასამართლომ განიხილა კომპლექსური საკითხები, მათ შორის, რამდენად ექცევა რუსეთის იურისდიქციის ფარგლებში აქტიური საბრძოლო მოქმედებებისა და შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მასობრივი დარღვევები; საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ურთიერთმიმართების გათვალიწინებით, რამდენად ექცევა საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად წარდგენილი საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დაცვის სტანდარტებში; შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვის საკითხი.

სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი თავმჯდომარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი