ახალი ამბები

თბილისის მერიის ტენდერი 100 ახალი ავტობუსის შემოყვანაზე უშედეგოდ დასრულდა

23 მაისი, 2018 • 3549
თბილისის მერიის ტენდერი 100 ახალი ავტობუსის შემოყვანაზე უშედეგოდ დასრულდა

მერიის 45-მილიონიანი ტენდერი, რომლითაც 100 ახალი ავტობუსი უნდა შეეძინათ, უშედეგოდ დასრულდა. ტენდერში არცერთ კომპანიას არ მიუღია მონაწილეობა.

ტენდერი 2018 წლის 7 მაისს გამოცხადდა, ხოლო განაცხადების მიღება 19 მაისიდან (შაბათი) 22 მაისამდე (სამშაბათი) იყო შესაძლებელი. ტენდერის მოთხოვნების მიხედვით, ეს ავტობუსები მიმწოდებელს მერიისთვის ეტაპობრივად უნდა მიეწოდებინა 2018 წლის ბოლომდე.

როგორც პოტენციური მიმწოდებლების მიერ სატენდერო მოთხოვნების ქვეშ დატოვებული კომენტარებში ვკითხულობთ, მოცემული დრო მცირეა და ითხოვდნენ პერიოდის გადავადებას. ასევე, მიუთითებდნენ, რომ იმ პარამეტრებს, რასაც მერია ითხოვს, არცერთი ევროპული მწარმოებლის კრიტერიუმებს არ შეესაბამება.

მერია ამ კომენტარებს არ დაეთანხმა. მერიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშნული პერიოდი შესაბამისი ნორმატიული აქტითაა განსაზღვრული. მან მიუთითა, რომ მერიის მოთხოვნილ პარამეტრებს არაერთი ევროპული მწარმოებელი აკმაყოფილებს.

სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, ავტობუსს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 23 სავარძელი, ხოლო სულ უნდა ეტეოდეს 69 მგზავრი. ავტობუსს უნდა ჰქონდეს სივრცე ეტლით მოსარგებლე არანაკლებ ერთი ადამიანისთვის.

ავტობუსები უნდა ყოფილიყო ერთი და იმავე მარკის და 2018 წელს გამოშვებული. ამ პროექტის შესახებ თბილისის მერმა 2018 წლის თებერვალში განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ავტობუსებისთვის განკუთვნილი 45 მილიონი ლარი თბილისის 2018 წლის ბიუჯეტიდან დაიხარჯებოდა.

“ეს მოგვცემს შესაძლებლობას, ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ, შევუქმნათ ყველანაირი პირობები, რომ მგზავრობა იყოს კომფორტული და ნაწილობრივ შემსუბუქდეს მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა“, – თქვა კახა კალაძემ.

თბილისის მერია გეგმავს, რომ 4 წლის მანძილზე 700 ახალი ავტობუსი შემოიყვანოს ქალაქში. თბილისის მერიამ სატრანსპორტო სტრატეგიის შემუშავება კომპანია “სისტრას” დაუკვეთა.

თბილისში არსებულ 101 მარშრუტს დაახლოებით 530 ავტობუსი ემსახურება. თბილისის მერია უახლოესი 4 წლის განმავლობაში 700 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს, მათგან 100 ავტობუსი 2018 წლის ბოლომდე შეემატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი