ახალი ამბები

“მე ვცეკვავ” – ცეკვა, როგორც პოლიტიკური აქტი ერეკლე დეისაძის ახალ კლიპში

22 მაისი, 2018 • 7993
“მე ვცეკვავ” – ცეკვა, როგორც პოლიტიკური აქტი ერეკლე დეისაძის ახალ კლიპში

დღეს, 22 მაისს, ერეკლე დეისაძის ახალი კლიპი “მე ვცეკვავ” გამოქვეყნდა. სიმღერაზე ავტორი მუშაობდა ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე, კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისა და თანმდევი პროტესტის შემდგომ.

კლიპში ძირითადად დომინირებს სპეცოპერაციისა და რუსთაველის გამზირზე მოცეკვავე მომიტინგეების კადრები, რომლებიც 12-13 მაისის საპროტესტო აქციებზეა გადაღებული. თუმცა კადრში არაერთხელ ჩნდება თავად დეისაძე, რომელიც  9 აპრილის მემორიალისკენ მიემართება და ზედ ყვავილებსა და სანთელს აწყობს.

როგორც მუსიკოსმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, სურდა კლიპში წარმოეჩინა ცეკვა, როგორც პოლიტიკური აქტი, ძალადობის წინააღმდეგ.

“ამ დღეების განმავლობაში რატომღაც ტრიბუნიდან არ მიმიმართავს ხალხისთვის. ეს ემოციები გროვდებოდა და ყველაზე ზუსტი ფორმა ესაა ჩემთვის. ამიტომაც ასე გამოვეცი ის დაგროვილი შიშები, განცდები, ემოციები, რაც ამ დღეებმა ჩემში აღძრა.

ამ სიმღერაში ცეკვა წარმოდგენილია, როგორც პოლიტიკური აქტი. ამის დეკლარირება მინდოდა იმიტომ, რომ ცეკვა ჩვენი ბრძოლის მთავარი მექანიზმია, რომლითაც ყველანაირ ძალადობას ვგმობთ. ბუნმებრივია, ძალადობას ძალადობით ვერ უპასუხებ, რადგან შენც მოძალადე იქნები. ამიტომ ცეკვა, ამ შემთხვევაში, გამოვიყენე როგორც ინსტრუმენტი”, – აცხადებს ის.

რაც შეეხება მემორიალის სცენებს, ერეკლე დეისაძის თქმით, ესაა პასუხი იმ უარყოფით დამოკიდებულებაზე, რომელიც ანა სუბელიანისა და აღნიშნულ მემორიალზე მისი ცეკვის მიმართ საზოგადოების ნაწილის მხრიდან წამოვიდა. მუსიკოსი მიიჩნევს, რომ ცეკვის უფლება აქვს ყველას, მათ შორის, მემორიალზეც, რომელიც თავისუფლების სიმბოლოა:

“რატომღაც, საზოგადოების ნაწილს ჰგონია, რომ ცეკვის ექსკლუზივი აქვთ ამ მემორიალზე, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ თუ ვსაუბრობთ თავისუფლებაზე, ეს მემორიალი ამ თავისუფლების სიმბოლოა, ცეკვით გამოხატული თავისფულება კი ყველაზე კარგი იარაღია იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ძეგლების ფეტიში აქვთ და მზად არიან, ძეგლის გამო ცოცხალი ადამიანი შეჭამონ და ცოცხლად დამარხონ. მივანიშნე, რომ აქ ცეკვის უფლება ყველას აქვს”.

12-13 მაისს კულბებში, “ბასიანსა” და “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციებს რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანი აპროტესტებდა. აქციის მონაწილეები პერიოდულად ელექტრონულ მუსიკაზე ცეკვავდნენ, რაც მალე მათ პროტესტის სიმბოლოდ იქცა.

ერთ-ერთმა აქტივისტმა, ანა სუბელიანმა რამდენიმე წუთით 9 აპრილის მემორიალზეც იცეკვა, რამაც საზოგადოების ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია. ანა სუბელიანი კი აღნიშნავდა, რომ მემორიალზე მისი ცეკვა თავისუფლების აქტი იყო და ვინმეს შეურაცხყოფას არ ისახავდა მიზნად.

მასალების გადაბეჭდვის წესი