ახალი ამბები

ხვამლის მთაზე ადამიანების ჯგუფმა მე–17 საუკუნის ძეგლი დააზიანა

22 მაისი, 2018 • 4873
ხვამლის მთაზე ადამიანების ჯგუფმა მე–17 საუკუნის ძეგლი დააზიანა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვამლის მთაზე სამუშაოების შედეგად მე–17 საუკუნის ნაეკლესიარი დაზიანდა.

როგორც სააგენტოდან გვაცნობეს, ადგილზე იმყოფებიან მონიტორები. ზედაპირული დათვალიერებით, მე–17 საუკუნის დროინდელი ეკლესიის ფენაა მორღვეული, ასევე დაზიანებულია უშუალოდ ტაძრის გალავნის ერთ-ერთი მონაკვეთი, რომელიც სავარაუდოდ უფრო ძველი პერიოდისაა.

სააგენტოში განგვიცხადეს, რომ სავარაუდოდ ხვალ სააგენტოს ექნება სრული ანგარიში მომხდარი ფაქტის შესახებ, თუ რა დაზიანებები მიადგა ძეგლს.

სააგენტო ცხადებს, რომ გუშინ, როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 10–მდე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი არქეოლოგიური ძეგლის სიახლოვეს ტრაქტორით სამუშაოებს ახორციელებდა, დაუკავშირდნენ ამ ადამიანებს და აცნობეს, რომ მათი ქმედება კანონსაწინააღმდეგო იყო.

პოლიციის ცნობით, გამოძიება დაიწყო 259–ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უკანონო არქეოლოგიური სამუშაოების, არქეოლოგიური ობიექტის დაზიანებას გულისხმობს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, უკანონო სამუშაოებში ჩართული ადამიანები განმარტავდნენ, რომ ნაეკლესიარის კეთილმოწყობა სურდათ.

გუშინ, 21 მაისს, ფეისბუკზე გავრცელებული ფოტო/ვიდეო მასალის მიხედვით, ლეჩხუმში, ხვამლის მთაზე, წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობდა.

გავრცელებულ ვიდეოში, ჩანს, რომ თვითნებური სამუშაოებისთვის მონაწილე პირები ტრაქტორსაც იყენებდნენ. თავისსავე გადაღებულ ვიდეოში ამბობდნენ, რომ ეს “წინასადღესასწაულო ღონისძიებებია და საღვთო საქმეს აკეთებენ”. მათივე თქმით, ლეჩხუმის სოფლებიდან შეიკრიბნენ ადამიანები და ამ სამუშაოებით ხვამლობისთვის ემზადებიან. დღეს, 22 მაისს ეს ვიდეო წაშლილია.

ხვამლის მთა ლეჩხუმში ზღვის დონიდან 2002 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 10ნ კმ–ს სიგრძისა და 8 კმ–ს სიგანის მთა ძნელად მსიადგომია. ამ მთაზე რამდენიმე ისტროიული ძეგლის მდებარეობს. ხვამლი მთა არაერთ ლეგენდასთანაა დაკავშირებული. ხვამლის მთასთანაა დაკავშირებული თქმულება „როცა ქვეყანა დაიმშეს, ხვამლმა არჩინოს“. ლეგენდის მიხედვით, მთაზე ქართველ მეფეთა განძთსაცავი იყო და არის. მიუხედავად იმისა, რომ ხვამლზე არაერთი ექსპედიცია ჩატარებულა, მეფეთა განძთსაცავის არსებობის რაიმე ნივთიერი მტკიცებულება დღემდე არ არის ნაპოვნი.

მასალების გადაბეჭდვის წესი