ახალი ამბები

ნინია კაკაბაძე საზოგადოებრვ მაუწყებელს სასამართლოში უჩივის

22 მაისი, 2018 • 4263
ნინია კაკაბაძე საზოგადოებრვ მაუწყებელს სასამართლოში უჩივის

საზოგადოებრივი მაუწყელის სამეურვეო საბჭოს წევრი ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს.იმის გამო, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია არ მიაწოდეს.

ნინია კაკაბაძემ ცალკეული გადაცემების მთლიანი დაფინანსების, ასევე თანამშრომლების ხელფასების შესახებ ინფორმაციის მიღების მოთხოვნით საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს მიმართა, თუმცა, მისი განცხადებით, უკვე 10 სამუშაო დღე გავიდა და არანაირი პასუხი არ მიუღია. ნინია კაკაბაძე სარჩელს სასამართლოში 23 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით შეიტანს.

საიას იურისტი, მარიამ გოგოსაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას განმარტავს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის 30-ე მუხლის მიხედვით, მეურვე უფლებამოსილია, მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას ეხება, შესაბამისად, კანონის დარღვევაა ის ფაქტი, რომ ნინია კაკაბაძეს არ აძლევენ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციას.

“ერთადერთი, არაოფიციალური პასუხი იყო, როდესაც ერთ-ერთ წინა სხდომაზე სულ სხვა თემასთან დაკავშირებით იმართებოდა საბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდა ვასილ მაღლაფერიძე. მას სხდომის დასრულების შემდეგ ვკითხე, რომ სხვა თემას ეხება, მაგრამ მაინტერესებს, აპირებთ თუ არა გადმომცეთ ჩემი მოთხოვნილი ინფორმაცია. მან მიპასუხა, რომ ჯერჯერობით კონსულტაციებს გადიან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან, რამდენად აქვთ უფლება, რომ ეს ინფორმაცია არ მომაწოდონ, და როგორც მათი პერსონალური ინფორმაცია, ისე იყოს გასაიდუმლოებული. არ ვიცი, რა ეტაპზეა კონსულტაციები, მაგრამ ფაქტია, აქამდე არავითარი პასუხი არ გაუციათ,” – ამბობს ნინია კაკაბაძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს კონსულტაცია მართლაც გაუწიეს. აპარატში განგვიცხადეს, რომ მონაცემები მხოლოდ კანონიერი მიზნების ადეკვატურად უნდა დამუშავდეს.

“როდესაც საქმე ეხება დასაქმებული პირის მონაცემთა დამუშავებას ორგანიზაციის შიგნით, გასათვალისწინებელია, რომ მმართველი ორგანო ან ხელმძღვანელი პირი უფლებამოსილია, მისი ფუნქციების ჯეროვნად განხორციელების მიზნით მიიღოს და გამოიყენოს სხვადასხვა სახის ინფორმაცია. ამასთან, მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ კანონიერი მიზნის ადეკვატური და პროპორციული მოცულობით, დაცული უნდა იყოს მონაცემთა უსაფრთხოება,” – განუცხადეს ნეტგაზეთს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპერტორის აპარატის პასუხი ვრცლად (გასახსნელად დააწკაპეთ)

ინსპექტორის აპარატი საქმიანობის ფარგლებში რეგულარულად უწევს კონსულტაციას როგორც მოქალაქეებს, ასევე, საჯარო და კერძო ორგანიზაციებს. როდესაც საქმე ეხება დასაქმებული პირის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნებას, მნიშვნელოვანია, არსებობდეს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთი საფუძველი, მაგალითად, დასაქმებულის თანხმობა, თუ მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით ან  საჭიროა კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად, სახეზეა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი და სხვა. ამდენად, დასაქმებული პირის თანხმობის არარსებობის პირობებში, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ სახეზეა მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი და დაცულია მონაცემთა დამუშავების პრინციპები.

როდესაც საქმე ეხება დასაქმებული პირის მონაცემთა დამუშავებას ორგანიზაციის შიგნით, გასათვალისწინებელია, რომ მმართველი ორგანო ან ხელმძღვანელი პირი უფლებამოსილია მისი ფუნქციების ჯეროვნად განხორციელების მიზნით მიიღოს და გამოიყენოს სხვადასხვა სახის ინფორმაცია. ამასთან, მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ კანონიერი მიზნის ადეკვატური და პროპორციული მოცულობით, დაცული უნდა იყოს მონაცემთა უსაფრთხოება. 

ინსპექტორის კონსულტაცია არ ატარებს სავალდებულო ხასიათს, მონაცემთა დამუშავების პროცესზე პასუხისმგებელია დამმუშავებელი ორგანიზაცია, ხოლო მონაცემების დამუშავების კანონიერების დადგენა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს ინსპექტორის აპარატის მხრიდან ინდივიდუალური განხილვის საგანს.

კითხვაზე, მისი აზრით, რატომ არ აძლევენ ინფორმაციას ხელფასების შესახებ, ნინია კაკაბაძე გვპასუხობს, რომ გარკვეული ეჭვები აქვს:

“სუბიექტური ვარაუდი მაქვს, რომ ის ეჭვები, რომელიც მე მქონდა და რის გამოც, უბრალოდ, დავინტერესდი ბიუჯეტის, ხელფასების ნახვით, ალბათ, იმდენად დიდი არის სხვაობა ხელფასებს შორის, ერთი და იმავე პოზიციაზე დასაქმებულ ადამიანებს იმდენად განსხვავებული ხელფასები აქვთ, რომ ამის შესახებ ინფორმაციის გაცემა მათ არ სურთ. არ უნდათ, რომ მე ვნახო, ვინაიდან, ჩემი სიტყვის, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროების უფლება კანონით არ მაქვს და არ ვაპირებ ამ ინფორმაციის გასაჯაროებას, მაინც არ სჯერათ და ეშინიათ, რომ ეს გასაჯაროვდება. ალბათ, ეს არის მიზეზი,” – გვითხრა მან.

მისივე თქმით, მტკნარი ტყუილია, თითქოს მან თქვა, რომ მენეჯმენტისგან მიღებულ ინფორმაციას გაასაჯაროებს.

“მე მხოლოდ ვთქვი, რომ ნებისმიერ დაწესებულებაში, ეს იქნება რომელიმე სამინისტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი თუ სხვა, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჩემი სურვილია, რომ ეს ყველაფერი იყოს მაქსიმალურდ გამჭვრივალე, მაგრამ ეს იყო ჩემი მოსაზრება და არა გეგმა, რომ ამას გავასაჯაროებ. იქვე, ყველგან ვამბობ, რომ ვიცი, კანონით არ მაქვს ამ ინფორმაციის გასაჯაროების უფლება და არ ვაპირებ იმიტომ, რომ ვარ კანონმორჩილი ადამიანი” – განაცხადა მან.

საზოგადოებროვი მაუწყებლის დირექტორი ვასილ მაღლაფრიძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ უამრავი ასეთი წერილი შედის, მაუწყებელი ყოველთვის იცავს კანონს და ამ შემთხვევაშიც ასე იქნება.

“თუ კანონით ეკუთვნოდა, მიიღებდა. რაც კანონით ეკუთვნოდა, იმას მიიღებდა და იმ ვადებში მიიღებდა, რაშიც ეკუთვნოდა… კანონის მიხედვით ვიქცევით მთლიანად, როგორც კანონშია. მე ვიცი, რომ კონსულტაციები ჰქონდათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსექტორთან, ქალბატონ თამართან, ასევე ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვეკიდებით და ერთი კანონგადაცდომაც ამ ეტაპზე, ჩვენ არ გვაქვს. დღეს წავიკითხე, რომ ბატონმა სულხან სალაძემ, მე ვიქნები ადვოკატიო და კი ბატონო, როგორც ჩანს, საქმე არ აქვთ და გაერთობიან, კარგია, იურიდიულ პრაქტიკას მიიღებენ,”- განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

საია და ნინია კაკაბაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას ხვალ, 23 მაისს გეგმავენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი