ახალი ამბები

ტატო გეთია: თუ კლუბს პირველ ივნისამდე არ დაგვიბრუნებენ, მოგვიწევს Bassiani დავხუროთ

22 მაისი, 2018 • 4038
ტატო გეთია: თუ კლუბს პირველ ივნისამდე არ დაგვიბრუნებენ, მოგვიწევს Bassiani დავხუროთ

კლუბ Bassiani-ს ერთ-ერთი მფლობელი ტატო გეთია ტელეკომპანია პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო მფლობელებს კლუბის გახსნის საშუალებას ივნისის პირველ რიცხვამდე არ მისცემენ, დახურვა მოუწევთ:

“ჩვენ იძულებული ვიქნებით დავიხუროთ, ვინაიდან ვეღარ ვფარავთ ყოველთვიურ ხარჯებს, ხელფასებს და ა.შ.” – თქვა გეთიამ TV პირველის ეთერში.

Bassiani-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, გუშინ მას დაუკავშირდა საქმის მთავარი გამომძიებელი და 23 მაისს დაიბარა კლუბის ტერიტორიაზე ლუქების ასახსნელად, თუმცა მალევე, გეთიას თქმით, კიდევ დაურეკეს და უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ეს ფაქტი, კლუბის დამფუძნებლის შეფასებით, კითხვის ნიშნებს აჩენს:

“გუშინ, დაახლოებით 9 საათისთვის დამირეკა სამმართველოდან საქმის მთავარმა გამომძიებელმა. მან დამიბარა 23-ში, 12 საათზე კლუბ ბასიანთან და მითხრა, რომ ერთად მოვხსნიდით ლუქს, გადმოგვცემდა გასაღებს, თუმცა ძალიან მალევე განხორციელდა მეორე ზარი და ამ მეორე ზარისას მან თქვა, რომ თურმე საგამოძიებო სამუშოები გრძელდება და ამ საგამოძიებო სამუშოების გამო ისინი იბარებენ ზვიად გელბახიანს (კლუბის მეორე დამფუძნებელი) დაკითხვაზე. ეს არის ძალიან ღია ფაქტი, თუ ვინმეს ჰქონდა ეჭვი აქამდე, დღეს უკვე დადასტურებულია, რომ ბასიანი არის შსს-ს პოლიტიკური პატიმარი” – თქვა ტატო გეთიამ TV პირველთან.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბი Bassiani ამ დრომდე დალუქულია, დღეს კაფე გალერი გაიხსნა. უწყებაში არ ამბობენ ზუსტ დროს, როდის მოეხსნება “ბასიანს” ლუქი.

სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს. როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით უწყებამ დაასტურა, რომ კლუბის ტერიტორიაზე ამ 8 ადამიანიდან მხოლოდ ერთი  ადამიანი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი