“არა ფობიას” სასჯელაღსრულების მინისტრს თანამშრომლის ჰომოფობიური პოსტის გამო მიმართავს

პლატფორმა “არა ფობიას” სასჯელაღსრულების მინისტრ კახა კახიშვილს მიმართავს სამინისტროს  შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის, მამუკა ჩხეიძის ჰომოფობიური განცხადების გამო . პლატფორმის აზრით, მინისტრმა უნდა შეისწავლოს მამუკა ჩხეიძის დაკავებული თანამდებობისადმი შესაფერისობის საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

2018 წლის 16 მაისს ჩხეიძემ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მიუძღვნა შემდეგი სტატუსი (ამჟამად წაშლილია): „17 მაისი იცით რატომ არის გეი-პიდარმონობის დღე? მაგ დღეს ამოუღიათ გეი-პიდარმონობა დაავადებათა ნუსხიდან. ხოდა. რა მინდოდა მეკითხა, განსაკუთრებით ჩემი ლიბერასტი ფრენდებისთვის: აი ეხლა ესენი ჯანმრთელები არიან? ოღონდ სერიოზულად“. 2018 წლის 17 მაისს დემონსტრანტზე თავდასხმისადმი მიძღვნილ სტატუსზე ჩხეიძემ გააკეთა კომენტარი: „ბიჭი იყო თუ ელგებეტე“, ხოლო სხვა მომხმარებლების აღშფოთებას ისევ დისკრიმინაციული დისკურსით უპასუხა.

პლატფორმა მიიჩნევს, რომ მამუკა ჩხეიძის გამოხატვის ფორმა განსაკუთრებით მიუღებელია იმ უწყების წარმომადგენლისგან, რომელიც ყველა ღონეს უნდა ხმარობდეს, რათა აღმოფხვრას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დამკვიდრებული ქვიარ თემის დისკრიმინაცია და ჩაგვრა. აღნიშნულისთვის კი, პირველ რიგში, დისკრიმინაციული მიდგომები არ უნდა ჰქონდეთ თავად სამინისტროს წარმომადგენლებს.

“არა ფობიას” საკუთარ განცხადებაში მითითებული აქვს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილება, “საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ მე-11 მუხლის (საჯარო მოსამსახურის გამოხატვის თავისუფლება) მე-3 პუნქტის მიხედვით –  “საჯარო მოსამსახურე თავს იკავებს საჯაროდ სიძულვილის ენის გამოყენების ან/და დისკრიმინაციული ხასიათის კომენტარის გაკეთებისგან, რომელმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების მიუკერძოებლად და ობიექტურად განხორციელება.“

სასჯელაღსრულების სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ განცხადება უწყებაშიც შევიდა და მას გენინსპექცია სწავლობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com