ახალი ამბები

ხუნდაძის თქმით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით “ოცნებაში” პოზიციები დაახლოვდა

22 მაისი, 2018 • 1462
ხუნდაძის თქმით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით “ოცნებაში” პოზიციები დაახლოვდა

უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ პარტია “ქართული ოცნების” ოფისში დღეს, 22 მაისს, გამართულ შეხვედრაზე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვდა.

“დღეს პოზიციები კიდევ უფრო ახლოა, ვიდრე იყო”.

ხუნდაძის თქმით, უმრავლესობის წევრები შეთანხმდნენ, რომ დაუნდობელი ბრძოლა უნდა  გამოაცხადონ ნარკოგამსაღებლების მიმართ.

“დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით მოლოდინი იქნება იმდაგვარი, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს და ამაზეც პოლიტიკური შეთანხმება არის.  მთავარია, რომ ნარკოპოლიტიკა იმ რეგულაციებით განხორციელდეს, რომლითაც მთავარ მიზანს მიაღწევს, რომ ქვეყანაში შემცირდეს ნარკომომხმარებელთა რიცხვი. მთავარია, რომ არ დავიჭიროთ, მაგრამ ასევე მთავარია, რომ არ გავავრცელოთ ნარკოტიკების მოხმარება”.- ამბობს ხუნდაძე.

მისივე თქმით, გავრცელება და გასაღება არ იქნება ერთმანეთისგან ისე გამიჯნული, რომ გავრცელება სახდელებით დაისაჯოს და მხოლოდ გასაღებაზე იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება ორივე შემთხვევაში.

“ქართული ოცნების” ოფისში ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე უმრავლესობის კონსულტაციები დღეს გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ “ოცნების” წარმომადგენლები აცხადებდნენ, ივანიშვილი პოზიციების დაახლოებაში დახმარებას ცდილობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი