თბილისის წიგნის ფესტივალი 31 მაისიდან 3 ივნისამდე გაიმართება

2018 წლის 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის მე-20 საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება. წიგნის ფესტივალი “ექსპო ჯორჯიაში” გაიმართება.

წელს ფესტივალზე დარეგისტრირებულია 70-მდე მონაწილე, რომლებიც წიგნის მოყვარულებს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებენ. უკვე დაგეგმილია 100-მდე ღონისძიება, მათ შორის, ლიტერატურული ღონისძიებები, ახალი წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები ავტორებთან, დისკუსიები, საჯარო კითხვა,  პროფესიული სემინარები, პანელ-დისკუსიები და კონცერტები.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებული ფესტივალი „ექსპო ჯორჯიას“ ორ (მე-11 და მე-6) პავილიონს მოიცავს. მე-6 პავილიონი უმასპინძლებს პატარა მკითხველებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში დაათვალიერონ და შეიძინონ საბავშვო წიგნები, ასევე  დაესწრონ მათთვის განკუთვნილ ღონისძიებებს და ეწვიონ მათ გასართობად საგანგებოდ მოწყობილ კუთხეს. მე-11 პავილიონში კი წიგნის მოყვარულთათვის სრულად იქნება წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა ორგანიზაცია.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2018-ის ფოკუსქვეყანა გერმანიაა. ფესტივალის ისტორიაში პირველად იღებს მონაწილეობას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელიც საქართველოს დიდი დელეგაციით ესტუმრება. ფესტივალი უმასპინძლებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებს, გერმანელ გამომცემლებსა და სამ თანამედროვე ავტორს – ულა ლენცეს, ოლგა გრიაზნოვას და კატია პეტროვსკაიას. სტუმრები გამართავენ სხვადასხვა ღონისძიებას და შეხვდებიან მკითხველებს. ფესტივალის ოფიციალურ გახსნას დაესწრება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი.

გამომცემლობა „ინტელექტის“ ორგანიზებითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მხარდაჭერით საქართველოში ჩამოვლენ და მკითხველებთან შეხვედრებს გამართავენ ცნობილი თანამედროვე რუსი მწერალი, დრამატურგი ვლადიმირ სოროკინი, ნორვეგიელი მწერალი, ჟურნალისტი, დიდი ნორვეგიული გამომცემლობის, „კაპელენ დამის“ რედაქტორი ბერნარ ლ. მორი და გერმანიაში აღიარებული ქართველი მწერალი, დრამატურგი და თეატრის რეჟისორი ნინო ხარატიშვილი.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და “გამომცემლობა პალიტრა L”–ის მოწვევით საპატიო სტუმრის სტატუსით ფესტივალს ეწვევა „გიკი გოგოს“ ავტორი ჰოლი სმეილი.

წლევანდელ ფესტივალზე იქნება ახალი პროექტი „მსახიობები ლიტერატურისათვის“ – სამი დღის განმავლობაში (1, 2 და 3 ივნისს) მე-11 პავილიონში კინოსა და თეატრის 25 ქართველი მსახიობი მკითხველთა წინაშე წარადგენს წიგნებს და გამართავს საჯარო კითხვას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com