“ქართული ოცნების” ოფისში ნარკოპოლიტიკაზე მსჯელობას ივანიშვილიც ესწრება

“ქართული ოცნების” ოფისში მიმდინარეობს ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით უმრავლესობის კონსულტაციები . შეხვედრას ესწრება პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, შეხვედრაზე “ქართული ოცნების” წევრები თანხმდებიან ამ კუთხით მნიშვნელოვან ცვლილებებზე:

“ძირითადი, რაც იკვეთება დისკუსიის შედეგად, არის ის, რომ ყველა ვთანხმდებით მნიშვნელოვან ცვლილებებზე ნარკოპოლიტიკის რეფორმის კუთხით, რომელიც, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიის დასრულებდე მნიშვნელოვან ფაზას გაივლის, მიღებული იქნება თუ არა. რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი აქვს ამ ყველაფერს. რეალიზაციასთან სახელმწიფო იქნება უკომპრომისო, ასევე, სახელმწიფოს პოზიცია ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით პოზიცია უფრო ზიანის შემცირებასა და ნარკოდამოკიდებულებისგან მეტი ადამიანის გამოხსნაზე იქნება ორიენტირებული.ზოგადად, მკაცრი რეგულირების მომხრე ვართ იმ კონტექსტში, რომ საკონტიტუციო სასამართლო გარკვეულ გადაწყვეტილებებს იღებს, პროცესები მიმდინარეობს. პარლამენტს გარკვეული ვალდებულებები გააჩნია და ამ რეგლამენტირებაზე საბოლოო საკითხებზე შევთანხმდებით” – თქვა ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილის თქმით, შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრება, ის სხვადასხვა მოსაზრებას ისმენს და უმრავლესობის წევრებს პოზიციების დაახლოებაში ეხმარება:

“უფრო სწორი იქნება, თავის პოზიციაზე თავადვე ისაუბროს, თუმცა მისი ძირითადი როლი ამ შეხვედრაში არის დამაახლოვებლის როლი. სხვადასხვა პოზიციას უსმენს და შესაბამისად გვეხმარება საბოლოო გადაწყვეტილებამდე მისვლაში” – თქვა ჩუგშვილმა ბიძინა ივანიშვილზე.

შეხვედრა “ქართული ოცნების” ოფისში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.