ახალი ამბები

სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მეტროს მემანქანეები მაინც გაიფიცებიან

22 მაისი, 2018 • 2952
სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მეტროს მემანქანეები მაინც გაიფიცებიან

მიუხედავად თბიილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, თბილისის მეტროს ალტერნატიული პროფკავშირის, “ერთობა 2013”-ის მემანქანეები 3 ივნისს მაინც გაიფიცებიან. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილემ, ვასილ ვარსიმაშვილმა განუცხადა.

ვარსიმაშვილის თქმით, მემანქანეები არ აპირებენ, დაემორჩილონ პირველი ინსტანციის გადაწყვეყილებას, რომლითაც მეტროს მუშაკებს გაფიცვა შეუზღუდა განუსაზღვრელი ვადით.

“ყველა მემანქანის ერთობლივი აზრია, რომ არავინ აპირებს, ამ სისულელეს დათანხმდეს. რაც იყო კანონიერი გადაწყვეტილება[გაფიცვის გადავადება 30 დღით], ამას ვემორჩილებით. 30 კალენდარული დღე უკვე გავიდა. ერთ ტექსტში ამდენი სისულელე მე პირადად არსად წამიკითხავს: როდესაც მეუბნებიან, რომ გაიფიცე, თუმცა არა სამუშაო დროს, არამედ სახლში რომ წახვალ, მაშინ. არ ვიცი, ამას ვერაფერს დავარქმევ და ვერანაირ სიმართლეს ვერ ვხედავ მასში. ყველა, მთელი შემადგენლობა იმ აზრზე ვართ, რა აზრზეც ვიყავით”, – აღნიშნა ვარსიმაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი განცხადებით, უსაფუძვლოა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის არგუმენტი და გადაწყვეტილების წინაპირობა, თითქოს “ერთობა 2013” უარს აცხადებდა შესათანხმებელ პროცესებში ჩართვაზე. ვასილ ვარსიმაშვილის თქმით, ერთადერთი, რაზეც მემანქანეებმა უარი თქვეს, მუდმივმოქმედი ჯგუფის შექმნა იყო, რომელიც რეალურ შედეგს ვერ მოიტანდა.

“რას ჰქვია, არ ჩავერთეთ, როცა მედიაცია ჩვენი მოთხოვნით იყო დანიშნული, რათა პროცესები დაძრულიყო. შეხვედრებში არჩართვას რას ეძახიან, ვერ ვხვდები. მოლაპარაკებაზე უარი არასდროს გვითქვამს. როცა შეხვედრა დაუნიშნავთ, ყოველთვის მივდიოდით. უბრალოდ, შემოთავაზება, რომელიც მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნას ითვალისიწნებდა, ალოგიკური და მიუღებელი იყო ჩვენთვის. ამბობდნენ, რომ ჯგუფს ხელფასის მატებაზე უნდა ემსჯელა. აზრი მითხარით ამ ჯგუფის შექმნისა, როცა სატრანსპორტო კომპანიაც და ქალაქის მერიც ამბობენ, რომ არ იქნება [ხელფასების] მატება, სანამ ეკონომიკური წინსვლა არ იქნება. რას მთავაზობენ, უნდა დავჯდეთ და ეკონომიკურ წინსვლაზე ვიმსჯელო?”

თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 მაისს მეტროს თანამშრომელთა პროფესიულ გაერთიანება “ერთობა-2013“-ს, განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება.

EMC-ის ცნობით, რომელიც მემანქანეთა ინტერესებს იცავს, სასამართლოს განჩინება ეფუძნება შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებას, რომელიც განმარტავს, რომ კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს სარჩელის შეტანას გაცხადებული გაფიცვის უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით. კომპანიის შეფასებით, აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პროფესიულმა გაერთიანებამ უარი თქვა ყველა შესაძლო შემათანხმებელ პროცედურებში ჩართვაზე, რაც მათი შეფასებით წარმოადგენს გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესაძლებლობას.

EMC-ის მიაჩნია რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ფაქტობრივად უკრძალავს მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლებას განუსაზღვრელი ვადით, მიუხედავად იმისა რომ განჩინებითვე სასამართლო უდავოდ (დადგენილად) მიიჩნევს იმ გარემოებებს, რაც გაფიცვის კანონიერად მიჩნევისათვის არის მნიშვნელოვანი. EMC სასამართლოს განჩინებას უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, ხვალ, 2018 წლის 22 მაისს, 19:00 საათზე, მეტრო რუსთაველთან  აქციას გამართავენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი და „აუდიტორია 115. ისინი მხარდაჭერას გამოხატავენ თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელთა მოთხოვნების მიმართ.

თბილისის მეტროს მემანქანეებს და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. დავის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო, მეტროს თანამშრომლებმა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2018 წლის 3 მაისს გაფიცვა დააანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 30 დღის ვადით 2018 წლის 3 ივნისამდე გადაიდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი