ახალი ამბები

შემოსავლების გაყალბებით ბანკიდან სესხის აღების ბრალდებით 43 საქმეზე გამოძიება დაიწყო – 2018

22 მაისი, 2018 • 2291
შემოსავლების გაყალბებით ბანკიდან სესხის აღების ბრალდებით 43 საქმეზე გამოძიება დაიწყო – 2018

საქართველოს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შემოსავლების გაყალბების გზით კრედიტის უკანონოდ მიღების ბრალდებით სამი ადამიანი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიების ინფორმაციით, ორ შემთხვევაში ბრალდებულებმა კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით კომერციულ ბანკებში განაცხადის შევსებისას მიუთითეს ყალბი მონაცემები საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, თითქოსდა მუშაობდნენ სხვადასხვა კომერციულ სტრუქტურაში და იღებდნენ შესაბამის ანაზღაურებას.

მესამე  ბრალდებულმა ბანკში ყალბი სახელფასო ცნობა წარადგინა. კრედიტის სახით თანხის მიღების შემდეგ ბრალდებულებმა დავალიანება არ გადაიხადეს, აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

საქმეებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

2018 წლის პირველ ხუთ თვეში, საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კრედიტის უკანონოდ მიღებასთან დაკავშირებით გამოძიება 43 ფაქტზე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი