ერთ დღესაც გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას როგორც მოკავშირეები ნატოს ფარგლებში – პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამბობს, რომ აშშ ამაყობს საქართველოსთან მეგობრობით და პარტნიორობით. აშშ-ში საქართველოს პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის ფარგლებში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პომპეომ აგვისტოს ომიც გაიხსენა და რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე

“წლევანდელი წელი კიდევ ერთი მიზეზით არის მნიშვნელოვანი. 2018 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრიდან 10 წელი სრულდება. აშშ მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაციას. რუსეთის მხრიდან ძალისმიერი მეთოდებით საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრა ცალსახად არღვევს საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას და ეწინააღმდეგება გაეროს ქარტიის და ჰელსინკის დასკვნითი აქტის ძირეულ პრინციპებს.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების ფარგლებში აღებული ყველა ვალდებულება – გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, უარი თქვას საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე და უზრუნველყოს ორივე რეგიონის შეუფერხებელი წვდომა ჰუმანიტარულ დახმარებაზე”,- განაცხადა პომპეომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეფასებით საქართველო ისეთი პარტნიორია, რომელმაც საქმით დაამტკიცა თავისი მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში და დაიცვას დასავლური ღირებულებები.

“ჩვენი გადაწყვეტილება ურყევია. პრეზიდენტი ტრამპი მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას და ამერიკის შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის ერთ დღეს საქართველოს მიღებას ნატოს რიგებში. […] მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საქართველო განაგრძობს რეფორმების პროცესს. ქვეყნის წარმატებას თან ახლავს უდიდესი პასუხისმგებლობაც – უპასუხოს ქართველი ხალხის მოლოდინებს და უზრუნველყოს ეკონომიკური კეთილდღეობა და სახელისუფლებო გამჭვირვალობა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას, როგორც პარტნიორები, მეგობრები და ერთ დღეს, როგორც მოკავშირეებიც ნატოს ფარგლებში”,- განაცხადა პომპეომ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება. მან ვიზიტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაიწყო, სადაც სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემები იყო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და ორმხრივი კავშირების განვითარების პოზიტიური დინამიკა, ასევე – საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომა გაიხსნა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com