ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) დაიწყო

21 მაისი, 2018 • 2022
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) დაიწყო

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე ამბიციური პროექტი – საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) დაიწყო.

პროგრამა 18 მაისს დაიწყო და ახალი საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე წარმოდგენილი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი, რომელიც პირველი გაივლის GDRP პროგრამით მომზადებას, ასევე, წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრი და აშშ-ის 173-ე საპარაშუტო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების კოლოფები.

თავდაცვის უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) ამერიკელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მხარდაჭერით ხორციელდება, რაც საბოლოო ჯამში აამაღლებს საბრძოლო მზადყოფნის დონეს და დადებითად აისახება საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებაზე.

პროგრამის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე, უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.

GDRP-ის სრულფასოვანი იმპლემენტაციისთვის მნიშვნელოვანი აქტივობები ჯერ კიდევ 2017 წელს განხორციელდა – პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კონკრეტული ქვედანაყოფები განისაზღვრა და მათი მოსამზადებელი ტრენინგები ჩატარდა.

პროგრამის ფარგლებში დაკომპლექტდება, აღიჭურვება და გაიწვრთნება შეიარაღებული ძალების ცხრა სამანევრო ბატალიონი. თითოეული ბატალიონის მომზადება უშუალოდ პროგრამის ფარგლებში 3 თვის მანძილზე მოხდება.

ამერიკელი პარტნიორების დახმარებითვე  საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) თანამედროვე სიმულაციური და საწვრთნელი ტექნოლოგიებით აღიჭურვება.

GDRP-ის აქტიური ფაზა 2018 წლის გაზაფხულზე იწყება და 2021 წლამდე გაგრძელდება.

დაგეგმილია, რომ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა პირველ ეტაპზე აშშ-ის ევროპული სარდლობის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ჩატარდება, ხოლო შემდგომ წლებში უფლებამოსილებებს და პასუხისმგებლობებს ქართველი ინსტრუქტორები გადაიბარებენ. 2020 წლიდან აღნიშნულ პროგრამას მთლიანად უხელმძღვანელებენ საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ქართველი ინსტრუქტორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი