ახალი ამბები

ინტერნეტში მავნე ზეგავლენისაგან ბავშვების დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავეს

21 მაისი, 2018 • 3375
ინტერნეტში მავნე ზეგავლენისაგან ბავშვების დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავეს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ ინტერნეტსივრცეში არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომლიც სავარაუდოდ 2018 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება.

არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით ცვლილებები შეტანა იგეგმება როგორც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, ასევე „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში.

ხუნდაძის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია ბავშვებისათვის უფრო მეტად დაცული ვირტუალური სამყაროს შექმნა იმისთვის, რომ ინტერნეტი გახდეს უსაფრთხო ადგილი, სადაც ყველა ასაკის ბავშვი შეძლებს ახალი ტექნოლოგიების ყველა სპექტრისა და შესაძლებლობების გამოყენებას.

განმარტების ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიზანია არასრულწლოვანთა დაცვა ინტერნეტსივრცეში ისეთი სახის ინფორმაციისგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას ან/და განვითარებას.

კანონპროექტის მიხედვით, შესაბამისი პირების მიერ უნდა მოხდეს მშობლების, მეურვეების, პედაგოგებისა და მოზარდების ინფორმირებულობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა ინტერნეტსივრცეში არსებული არასრულწლოვანთათვის ისეთი საფრთხეების თაობაზე, როგორიც არის პორნოგრაფია, „კიბერბულინგი“ – ინტერნეტის მეშვეობით ბავშვის ნდობის მოპოვება მისი შემდგომი გამოყენების მიზნით, ბავშვის დაშინება ინტერნეტით, ყალბი ტრანზაქციები და ბავშვის პირადი ინფორმაციის უცხო პირების მიერ მოპოვება.

დიმიტრი ხუნდაძე

როგორც კანონპროექტში წერია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში ერთობლივად შეიმუშაონ სახელმძღვანელო (გაიდლაინი) მშობლებისა და პედაგოგებისათვის ინტერნეტსივრცეში არსებული რისკებისა და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენისაგან დაცვის პრევენციის თაობაზე.

საქართველოს კანონის „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ მიზანია არასრულწლოვანთა დაცვა იმ მავნე ზეგავლენისაგან, რომელიც დაკავშირებულია ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს მოხმარება-გასაღებასა და აზარტულ თამაშებში მონაწილეობასთან. მაუწყებელში არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლით განსაზღვრული ქცევის კოდექსით.

რაც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ განამარტებას, დიმიტრი ხუნდაძე წერს, რომ მისი შემუშავება განაპირობა ინტერნეტ-სივრცეში არასრულწლოვანთა დაცვის აუცილებლობამ ონლაინ რისკებისაგან, როგორიც არის: კონტენტისა და კონტაქტის რისკები (პორნოგრაფია, „კიბერბულინგი“ – ინტერნეტის მეშვეობით ბავშვის ნდობის მოპოვება მისი შემდგომი გამოყენების მიზნით, დაშინება ინტერნეტით); სამომხმარებლო რისკები, ისეთი როგორიც არის ონლაინ მარკეტინგი, ყალბი ტრანზაქციები.

კანონპროექტის ავტორის განმარტებით, ასევე, არსებობს პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები, კერძოდ, პერსონალური მონაცემების უცხო პირების მიერ მოპოვება და ამ სფეროში საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინება:

არასრულწლოვნებზე გათვლილი პროდუქციის მიწოდების წესი და მახასიათებელი რეგულირდება კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება N 3 17.03 2006 წ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, მაგრამ საკითხის მნიშვნელობიდან და აქტუალობიდან გამომდინარე კანონპროექტით ხდება აღნიშნული ნორმის იერარქიულად უფრო მაღალ, კანონის დონეზე ჩამოყალიბება. ბავშვები განსაკუთრებულად დაუცველნი არიან ინტერნეტსივრცეში, ვინაიდან ისინი ჯერ კიდევ იმყოფებიან განვითარებისა და შესწავლის სტადიაში, შედეგად, შესაძლოა რისკების იდენტიფიცირების, შეფასებისა და კონტროლის ნაკლები შესაძლებლობა.”

დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას, თუმცა შესაძლებელია გავლენა იქონიოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

“ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „მშობელს ან არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ქონებრივი ან/და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულია ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით. შესაბამისად, აღნიშნულმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე სასამართლოში გადასახდელი ბაჟის სახით. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება მიმართვების რაოდენობაზე.”

როგორც დიმიტრი ხუნდაძე განმარტავს, კანონპროექტის ძირითადი არსია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების მფლობელი ავტორიზებული პირების მიერ არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან ეფექტიანი დაცვის ხელშეწყობა, კერძოდ, ინტერნეტ-მომხმარებელთა სათანადო ინფორმირების უზრუნველყოფა ონლაინ საფრთხეებისგან არასრულწლოვანთა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მექანიზმების თაობაზე:

“მომხმარებელს უნდა ჰქონდეს უფლება, მიიღოს ინფორმაცია არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვისთვის საჭირო საშუალებების შესახებ, შესაბამისად, წინამდებარე ცვლილებების შედეგად ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული იქნება უზრუნველყოს აბონენტი უფასო საცნობარო მომსახურებით, მათ შორის, არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვისთვის საჭირო საშუალებების შესახებ ინფორმაციით. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ეროვნული კანონმდებლობის შემუშავებას კიბერდანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად და ამ ჩარჩოში მის ჰარმონიზაციას საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან და იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ონლაინ სივრცეში ბავშვთა დაცვის ეროვნული სტრატეგიის სფეროში.”

ინტერნეტში მავნე ზეგავლენისგან ბავშვის დაცვა. ფოტო: Miika Silfverberg / Flickr / CC

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და, შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და გადახდის წესს. ხუნდაძის განმარტებით, კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს და საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ/მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.

კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები და ამავე კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი. კანონპროექტის მომზადების პროცესში ასევე ჩართული იყვნენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული კომპანიების წარმომადგენლები, „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ინტერნეტი“

მასალების გადაბეჭდვის წესი