ახალი ამბები

კანის ფესტივალი ვაინშტაინის “სანადირო მოედანი” იყო – აზია არჯენტო

21 მაისი, 2018 • 2686
კანის ფესტივალი ვაინშტაინის “სანადირო მოედანი” იყო – აზია არჯენტო

იტალიელმა მსახიობმა, აზია არჯენტომ კანის კინოფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას სექსუალურ ძალადობაზე, ჰარვი ვაინშტაინსა და მისდამი კინოინდუსტრიის წარმომადგენლების დამოკიდებულებაზე ისაუბრა:

“1997 წელს ჰარვი ვაინშტაინმა აქ, კანში გამაუპატიურა, მაშინ 21 წლის ვიყავი. ეს ფესტივალი მისი “სანადირო მოედანი” იყო. მინდა რაღაც ვიწინასწარმეტყველო. ჰარვი ვაინშტაინი აქ, კანში, სასურველი სტუმარი აღარასდროს იქნება. მას აღარავინ სცემს პატივს დარჩენილი ცხოვრების მანძილზე. მას თავს აარიდებს კინოინდუსტრია, რომელიც ადრე აღფრთოვანებული იყო მისით და მალავდა მის არაერთ დანაშაულს. დღესაც კი, ამ სივრცეში თქვენთან ერთად ვარ, სადაც კვლავ არიან ადამიანები, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ ქალებისადმი მათი დამოკიდებულების გამო, ქცევის გამო, რომელიც არ უნდა ახასიათებდეს ამ ინდუსტრიას, საერთოდ არცერთ ინდუსტრიას და სამუშაო ადგილს. თქვენ იცით ვინც ხართ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიცით, ვინ ხართ და ჩვენ ასე მოქცევის საშუალებას აღარ მოგცემთ”,- განაცხადა აზია არჯენტომ.

აზია არჯენტო ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, რომელმაც ჰოლივუდის პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებასა და ძალალდობაში დაადანაშაულა.ვინშტაინის მიერ ქალებზე ძალადობის შესახებ სტატია პირველად “ნიუ-იორკ ტაიმსმა” გამოაქვეყნა. ჰოლივუდს მიღმა სამყაროსთვის სწორედ აქედან გახდა ცნობილი ჰარვი ვაინშტაინის მიერ ქალი მსახიობების შევიწროების შესახებ.

ჰარვი ვაინშტაინი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერი იყო ჰოლივუდში, მისი დაუფძნებულია “მირამაქსი” და “ვაინშტაინ კომპანი”. იგი მის ძმასთან, ბობ ვაინშტაინთან ერთად მუშაობდა. სკანდალის შემდეგ პროდიუსერს ორივე კომპანიის დატოვება მოუწია. მას ცოლიც დაშორდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი