ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის განმსაზღვრელი რეიტინგი არ არის – სამეურვეო საბჭოს წევრი

21 მაისი, 2018 • 2559
საზოგადოებრივი მაუწყებლის განმსაზღვრელი რეიტინგი არ არის – სამეურვეო საბჭოს წევრი

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრმა და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირინა ფუტკარაძემ 21 მაისს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის განმსაზღვრელი რეიტინგი არ არის და იგი არ ეთანხმება მენეჯმენტის პოზიციას იმის შესახებ, რომ მაუწყებლის საქმიანობის ხარისხი რეიტინგით უნდა გაიზომოს.

აუდიტის დასკვნის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 2016 წელს ათვისებული ბიუჯეტი შეადგენდა 39 849 579 ლარს, 2017 წელს- 46 064 510 ლარს. წინა წელთან შედარებით ზრდა 6 214 931 ლარია, რაც 15,59%-ს უდრის.

მაუწყებლის მიერ პარლამენტში წარდგენილი ანგარიშიდან კი ჩანს, რომ 2017 წელს ბაზარზე პირველი არხის წილი შემცირებულია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშში გამოქვეყნებული სარეიტინგო მონაცემები

ამ თემაზე ირინა ფუტკარაძეს კითხვები დეპუტატმა ლევან კობერიძემ დაუსვა.

ლევან კობერიძე: “მე მახსოვს, საზოგადოებრივი მაუწყების წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ რეიტინგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრი არის მათთვის თვითმიზნის თვალსაზრისით, რაც შეიძლება იყოს საკამათო, ან არ იყოს, მათი პოზიცია ასეთი იყო. მაშინ, მაინტერესებს, ბიუჯეტის ზრდასთან მიმართებაში რეიტინგის კლება თუ გვაქვს, პრობლემასთან გვაქვს საქმე და ამ პრობლემის ანალიზი მაინტერესებს, რატომ დაიკარგა ეს აუდიტორია, რომელი აუდტორია დაიკარგა, რომელი სეგმენტი, სად გვაქვს ჩვენ პრობლემა, რომ მომავალ წელს გავითვალისწინოთ, ან 2018-ში ამაზე მუშაობა რომ მიმდინარეობდეს.”

ირინა ფუტკარაძე: “რეიტინგები არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის გამსაზღვრელი. ყოველი შემთხვევისთვის, მარტო რეიტინგი არ არის, იქ არის ძალიან ბევრი კონკრეტული მიმართულება, რაც არის მნიშვნელოვანი და ამან შედეგი კომპლექსურად უნდა მოგვცეს.”

ლევან კობერიძე: “როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით დამატებით დაფინანსებაზე, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოთხოვნილი, რომ კომერციულის უფლება დამატებით უნდა მიეცეს, ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. ასევე საუბარი არის იგივე სტარტაპების თემაზე და ასე შედეგ, მთავარი გამართლება, რომ მეგაშოუები და ასე შემდეგ, საჭირო არის, სწორედ იყო იმისთვის, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი. ახლა თქვენ ამბობთ, რომ რეიტინგი არ არის ყველაზე მთავარიო”.

ირინა ფუტკარაძე: “ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის არ არის რეიტინგი. ეს არაერთხელ დააფიქსირა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ. სამწუხაროდ, შეიძლება გარკვეულ ჯგუფს ჰგონია, რომ ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს რეიტინგი, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. 2016 წელს ჩვენ გვქონდა მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი კონკრეტული გეგმა, რომელიც იყო დაფუძნებული ამ რეიტინგებზე. ეს გეგმა ჩვენ არ გავითალისწინეთ… ძალიან თამამად და ღიად შემიძლია გითხრათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ არ ჩათვალა და დღესაც არ თვლის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა ჰქონდეს რეიტინგი და მხოლოდ ეს ერთი კომპონენტი უნდა იყოს განმსაზღვრელი. საზოგადოებრივი მაუწყებლის განმსაზღვრელი არის ბევრი კრიტერიუმი, მათ შორის არის სიღრმისეულობა, წვდომა – დაფარვა როგორი არის, ბევრი კრიტერიუმია.”

საკომიტეტოს მოსენის დასრულების შემდეგ კომიტეტმა საზოგადოებრვი მაუწყებლის წარმოდგენილ ანგარიშს მხარი არ დაუჭირა და ჩააგდო.

საზოგადოეებრივი მაუწყებლის დირექტორ ვასილ მაღლაფერიძეს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მაუწყებელი რეიტინგებით უნდა ფასდებოდეს. მან ისიც კი განაცხადა, რომ თუ 2019 წლის ბოლოს მის მიერ დასახული გეგმა წარმატებით შესრულდება და მაუწყებლის რეიტინგი 15%-ს ასცდება, იგი იქნება ამაყი და თანამდებობიდან გადადგება.

მაღლაფერიძე: მაუწყებელი უნდა ფასდებოდეს რეიტინგებით

მასალების გადაბეჭდვის წესი