ახალი ამბები

შსს – პირი, რომელიც ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია

21 მაისი, 2018 • 3501
შსს – პირი, რომელიც ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია

შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, ადამიანი, რომელიც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია. მისი თქმით, დაკავებულის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, ადევნებისა და მუქარის მუხლებით აღიძრა.

“მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად შსს-მ გამოძიება მხოლოდ მუქარის ფაქტზე დაიწყო, ინგა გრიგოლიას გამოკითხვით და ჩვენს მიერ მოპოვებული სხვა მტკიცებულებებით, რაც გამოძიების მიმდინარეობისას მოვიპოვეთ, იკვეთება არა მხოლოდ მუქარის, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ეს გახლავთ ადევნება. რაც შეეხება ორივე მუხლისთვის გათვალიწინებულ სანქციებს, გეტყვით, რომ მუქარისთვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით, ხოლო ადევნება სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით ითვალისწინებს,” – განაცხადა ლონდა თოლორიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

რამდენიმე დღის წინ ინგა გრიგოლიამ Facebook-ზე დაწერა, რომ უცნობი მამაკაცი მას ემუქრება და შსს-ს მიმართავს, რომ დაიცვან. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ პოლიციელებს მან წარსულშიც მიმართა, თუმცა ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და უკვე წლებია, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ცხოვრობს.

ინგა გრიგოლიას წერილიდან ირკვევა, რომ ეს ადამიანი პირველად 2011 წელს ციხიდან დაუკავშირდა, 2013 წლის ამნისტიის შედეგად კი საპატიმრო დატოვა და შევიწროება და მუქარა განაგრძო. ნეტგაზეთს 19 მაისს შინაგნ საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება მუქარის ფაქტზე იყო დაწყებული (სსკ-ს 151-ე მუხლით).

მასალების გადაბეჭდვის წესი