ახალი ამბები

ძიძების რეესტრზე საკანონმდებლო წინადადებას ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

21 მაისი, 2018 • 1574
ძიძების რეესტრზე საკანონმდებლო წინადადებას ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

ძიძების რეესტრის შექმნის შესახებ საკანონდმებლო წინადადებას საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში მაია რობაქიძემ წარადგინა.

კანონპროექტის ინიციატორი მაია რობაქიძე ფიქრობს, რომ რეესტრის შექმნის შემთხვევაში, ბავშვის უფლებები და ინტერესები უკეთ იქნება დაცული:

“როგორც ვიცით, ეს სფერო მხოლოდ სააგენტოების დონეზე წესრიგდება დღესდღეობით, რომელიც პირდაპირ უნდა ითქვას, რომ არასანდო და არაეფექტურია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს მხოლოდ რამდენიმე ქალაქშია წარმოდგენილი და ამით ვერ სარგებლობს მთელი მოსახლეობა, ხოლო მეორე იმიტომ, რომ სააგენტოებში დასაქმება ხდება ძირითადად ნაცნობობით, ხოლო წარმოდგენილი რეკომენდაციები გაცემულია მათი ნათესავების, მეზობლების, მეგობრების მიერ – თითქოს ისინი მათ ოჯახებში მუშაობდნენ” – ამბობს რობაქიძე.

საკანონმდებლო წინადადების ავტორის თქმით, რეესტრში მოსახვედრად აღმზრდელმა გარკვეული დოკუმენტაცია უნდა ჩააბაროს, შემდეგ კი ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ შერჩეულ ფსიქოლოგთან გაიაროს კონსულტაცია,  სამედიცინო, ფსიქოლოგიური და იურიდიული სწავლება, ჩააბაროს გამოცდები და ამის შემდეგ მიენიჭება აღმზრდელის მანდატი.

დეპუტატებმა რობაქიძეს უთხრეს, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი ბავშვთა კოდექსის შექმნაზე მუშაობს, სადაც ბევრი ეს საკითხი გათვალისწინებულია და კომიტეტის სხდომაზე დასწრება შესთავაზეს.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით კი, მთელ რიგ ქვეყნებში ეს სფერო სახელმწიფო კონტროლის მიღმაა, თუმცა კერძო სააგენტოები თავად ახდენენ ძიძების სერტიფიცირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი