ახალი ამბები

პატრულის თანამშრომელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს – პროკურატურა

21 მაისი, 2018 • 2648
პატრულის თანამშრომელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს  – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, შსს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის თაღლითურად  დაუფლების ფაქტზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი ო.მ. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ო.მ-მ მისი ნაცნობები ფ.ვ. და ნ.კ  დაარწმუნა, თითქოს იგი ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან და საოლქო პროკურატურის პროკურორთან, რის შემდეგაც  ფ.ვ-ს და ნ.კ-ს დაჰპირდა, რომ საპატრულო პოლიციის საჯარიმო ავტოსადგომიდან გამოიყვანდა და მათ დაუბრუნებდა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულ ნ.კ-ს ნათესავების კუთვნილ ავტომანქანებს, რის სანაცვლოდ, თითქოსდა აღნიშნული თანამდებობის პირებისთვის გადასაცემად იგი თაღლითური გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ნ.კ-ს  კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს 6 400 აშშ დოლარისა და 4 000 ლარის ოდენობით.

სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე მიღებული სასამართლოს განჩინებით, 2018 წლის 21 მაისს  ო.მ. ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული,”- აცხადებს პროკურატურა.

მათივე ცნობით, სასამართლოს ბრალდებული პოლიციელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავენ.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი