ახალი ამბები

გვრიტიშვილი ამბობს, რომ ანა დოლიძის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს არ უარყოფს

21 მაისი, 2018 • 1734
გვრიტიშვილი ამბობს, რომ ანა დოლიძის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს არ უარყოფს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი ამბობს, რომ არ უარყოფს ანა დოლიძეზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის შინაარსიც იყო, რომ 2008 წელს ანა დოლიძე იმყოფებოდა მოსკოვსა და სამხრეთ ოსეთში იმისთვის, რომ ქართველი სამხედროების დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შეეგროვებინა.

ანა დოლიძემ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ამ განცხადების გამო 21 მაისს გვრიტიშვილს სასამართლოში უჩივლეს და ამ ინფორმაციის საჯაროდ, მასობრვი ინფორმაციის საშუალებებით უარყოფა მოითხოვეს.

გვრიტიშვილმა ანა დოლიძეს დღესვე უპასუხა ჟურნალისტებთან საუბრისას და განაცხადა, რომ ამას არ აპირებს.

“იქიდან გამომდინარე, რომ პატივს ვცემ ჩემს სტატუსს და ასევე იმ ჩემს კოლეგას, რომელსაც ამ საქმის, მე ვიტყოდი, რომ შოუს ელემენტებით საკმაოდ დატვირთული საქმის განხილვა მოუწევს, ისედაც არაკომფორტული იქნება მისთვის, დოლიძის საზოგადოების პირობებში, ამ საქმის განხილვა, მე ამ ეტაპზე თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან.

ჩემი პოზიცია, როგორც მოპასუხის, სასამართლოს წარედგინება მას შემდეგ, რაც ჩამბარდება სარჩელი და გავეცნობი მის არგუმენტაციას. ერთი შემიძლია გითხრათ, როგორც გაჟღერდა, მოთხოვნა არის იმ ცნობების უარყოფა, იმ ცნობების მოთხოვნის უარყოფას მე არ დავეთანხმები, აქვე გიცხადებთ, კიდევ ვამბობ, თავს შევიკავებ კონკრეტული არგუმენტაციის წარმოდგენისგან. ყველასთვის ხელმისაწვდომია ჩემი კომენტარი. მე იმ კომენტარს, რა თქმა უნდა, ვეთანხმები. “ – განაცხადა გვრიტიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი