ახალი ამბებისაზოგადოებახელოვნება

ხელით შექმნილი კულტურა: რა წვლილი შეაქვს ტრადიციულ რეწვას საქართველოს ეკონომიკაში

21 მაისი, 2018 • 6778
ხელით შექმნილი კულტურა: რა წვლილი შეაქვს ტრადიციულ რეწვას საქართველოს ეკონომიკაში

რეწვის ქართველი ოსტატები ევროკავშირის დახმარებით ცდილობენ, რომ ტრადიციული რეწვა შემოსავლის წყაროდ გადააქციონ. ამისთვის ევროკავშირმა ნახევარ მილიონამდე ევრო დახარჯა.

[red_box]კულტურული მემკვიდრეობა, როგორც შემოსავლის წყარო[/red_box]

ბოლო წლების ეკონომიკური რყევების მიუხედავად, შემოქმედებითი ინდუსტრია მსოფლიოში იზრდება.  ხალხურ რეწვაში ჩართული ქართველი ოსტატებიც ცდილობენ, ერთი მხრივ, შეინარჩუნონ რეწვის მრავალფეროვანი ქართული ტრადიციები, მეორე მხრივ კი, ამისგან ეკონომიკური სარგებელი მიიღონ.

“მნიშვნელოვანია, რომ ტრადიციული რეწვა, რაც ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებულია, გახდეს შემოსავლის მიღების და დასაქმების წყარო. ეს ევროკავშირი ერთ-ერთი მთავარი მიზანია”, – ამბობს ნინო სამველიძე, რომელიც  საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ახალგაზრდობის, კულტურისა და ციფრული საზოგადოების პროგრამის ხელმძღვანელია.  

ნინო სამველიძე ამბობს, რომ ევროკავშირისთვის კულტურული მრავალფეროვნება ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, ამიტომაც სხვადასხვა ქვეყნებში კულტურის დაცვას და განვითარებას ცდილობს.

თექის ეს ფაჩუჩები ლალი სადაღაშვილმა მატყლისგან დაამზადა. ლალი სადაღაშვილი თექის ფაჩუჩებს, მატყლის სათამაშოებსა და მძივებს მცხეთის ტურისტულ უბანში ყიდის. მან და მისმა ოჯახმა სახელოსნო “ნერბი” 2014 წელს დააარსეს. 05.05.2018. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

ამიტომაც ევროკავშირმა 2018 წელი კულტურული მემკვიდრეობის წლად გამოაცხადა. ამ სტატიაში ჩვენ მოგითხრობთ, იმ ქართველი ოსტატების შესახებ, რომლებიც ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებულ პროექტში “ტრადიციული რეწვის პერსპექტივა საქართველოში” მონაწილეობდნენ. ამ პროექტის წყალობით ქართველმა ოსტატებმა განავითარეს თავიანთი საწარმოები, გადასცეს ცოდნა მომავალ თაობებს. შედეგად, ტრადიციული რეწვა საქართველოში მათთვის შემოსავლის წყაროდ იქცა.

პროექტის ფარგლებში ქართული კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა 21 სახელოსნო შეარჩია დასაფინანსებლად. ცენტრის ხელმძღვანელი მაკა დვალიშვილი ამბობს, რომ დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარებს უნდა ჰქონოდათ განვითარების ინტერესი და პოტენციალი. დაფინანსებისას ერთ-ერთი მოთხოვნა ის იყო, რომ ეს ცოდნა სულ მცირე 5 მოსწავლისთვის გადაეცათ.  

“ჩვენი მთავარი მიზანი ქართული ტრადიციული რეწვის დაცვა- განვითარება და თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებისადმი მისადაგებაა, რადგანაც  ტრადიციული რეწვის ბიზნესად გადაქცევას ეკონომიკური სარგებელი მოაქვს”, – ამბობს მაკა დვალიშვილი.

ხელოვნებათმცოდნე მაკა დვალიშვილი გვეუბნება, რომ ტრადიციული რეწვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა გავრცელებული. მისი განმარტებით, ტრადიციული რეწვის ნიმუში ხელით უნდა იყოს შექმნილი და არა ქარხანაში. შესაძლოა ზოგიერთი ნაწილი ქარხნული იყოს, თუმცა ტრადიციული რეწვის ნიმუში ხელით უნდა იყოს დასრულებული.

მატყლის სათამაშოები ლალი სადაღაშვილის სახელოსნოშია დამზადებული. ლალი სადაღაშვილი თექის ფაჩუჩებს, მატყლის სათამაშოებსა და მძივებს მცხეთის ტურისტულ უბანში ყიდის. მან და მისმა ოჯახმა სახელოსნო “ნერბი” 2014 წელს დააარსეს. 05.05.2018. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

“როგორც კი ადამიანმა შექმნა ქვის იარაღი, როგორც გააკეთა ორნამენტები ქვაზე და გაუჩნდა ესთეტიკისადმი ხედვა, იქიდან იწყება ხალხური რეწვაც”, – ამბობს დვალიშვილი.

ქართული ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის 1995 წლიდან, შექმნის დღიდან მუშაობს. მაკა დვალიშვილის თქმით, ამ პერიოდიდან მოყოლებული ტრადიციული რეწვის ოსტატებს მუდმივად ეხმარებოდნენ ხარისხისა და დიზაინის განვითარებასა და ბაზრის მოთხოვნების შესწავლაში.

2012 წელს ევროკავშირის დახმარებით ქართული ხელოვნებისა და კულტურის ცენტრმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნებისა და კულტურის პროგრამის ფარგლებში განახორციელა კიდევ ერთი პროექტი “შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში: ტრადიციული რეწვა – საერთო პლატფორმა განვითარებისთვის”.

ვორქშოფებისა და სემინარების გარდა, პროექტის ფარგლებში ჩაატარეს კვლევაც, რომლის დროსაც ტრადიციული რეწვის 500 ოსტატი გამოკითხეს. კვლევის შედეგმა ხალხური რეწვის ბაზარზე არსებული მდგომარეობა გამოავლინა. კვლევის შედეგის გათვალისწინებით სამოქმედო სტრატეგია შემუშავდა.

პროექტი “ხალხური რეწვის პერსპექტივა საქართველოში” 2014-16 წლებში განხორციელდა. მისი მეშვეობით 21 სახელოსნო დააფინანსეს. პროექტის სრული ბიუჯეტი იყო 617,128 ევრო, საიდანაც ევროკავშირის წვლილი 489,169 ევრო იყო.

მცხეთის მკვიდრი ლალი სადაღაშვილი მატყლისგან სხვადასხვა ნაწარმს ამზადებს. იგი თექის ფაჩუჩებს, მატყლის სათამაშოებსა და მძივებს მცხეთის ტურისტულ უბანში ყიდის. მან და მისმა ოჯახმა სახელოსნო “ნერბი” 2014 წელს დააარსეს. 05.05.2018. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

[yellow_box]ლალი სადაღაშვილი: თექა[/yellow_box]

თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის სიახლოვეს (იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი) არაერთი დახლი შეიძლება ნახოთ, სადაც სხვადასხვა პროდუქციას ჰყიდიან. ლალი სადაღაშვილის დახლი ერთერთია მათ შორის, სადაც მატყლის სათამაშოებსა და სხვადასხვა ხელნაკეთ პროდუქტს ჰყიდის.

ლალი სადაღაშვილის დახლზე შეგიძლიათ ნახოთ მისი და მისი ოჯახის მიერ ხელით შექმნილი მატყლის სათამაშოები, თექის თავშლები, დათექილი ფეხსაცმლები, მატყლის ყელსაბამები და მატყლის აქსესუარები. ლალი ხელნაკეთ ნივთებს ტურისტებზე ჰყიდის, რომლებიც მისი დახლის წინ ყოველდღე უწყვეტად მიედინებიან.

ხელით დათექილი ფეხსაცმელების ფასი 20-დან 60 ლარამდე მერყეობს, მატყლის მძივების ფასი- 15-20 ლარამდე, სათამაშოებს ფასი კი- 20-დან 60 ლარამდე.

მცხეთის მკვიდრი ლალი სადაღაშვილი მატყლისგან სხვადასხვა ნაწარმს ამზადებს. იგი თექის ფაჩუჩებს, მატყლის სათამაშოებსა და მძივებს მცხეთის ტურისტულ უბანში ყიდის. მან და მისმა ოჯახმა სახელოსნო “ნერბი” 2014 წელს დააარსეს. 05.05.2018. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

საღამოობით, როდესაც ტურისტების ნაკადი იკლებს, ლალი შინ ბრუნდება. თუკი დაღლილი არ არის,  სახელოსნოში მუშაობას აგრძელებს, რომელიც მისი სახლის პირველ სართულზეა მოწყობილი. თუ ლალი დაღლილია, მაშინ სახელოსნოში მისი სამი შვილი და ქმარი აგრძელებენ მუშაობას, რათა ლალის დახლი ახალი ხელნაკეთი ნივთებით მოამარაგონ.

ლალის ერთოთახიან სახელოსნოში, რომელსაც “ნერბი” ჰქვია, არის ონკანი, რომლითაც წყლით მარაგდება სახელოსნო (წყალი თექის დამუშავებისთვის მნიშვნელოვანი პირობაა). ოთახის ერთ კედელზე დამონტაჟებულია თაროები, რომელზეც ყველა საჭირო ნივთი და ქსოვილი დევს, აქვეა საკერავი მანქანა და დასათექი უთო.

ამ ერთ ოთახში ლალი სადაღაშვილის სახელოსნოშა “ნერბი” განთავსებული. სახელოსნო მათი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარეობს. ლალი სადაღაშვილი თექის ფაჩუჩებს, მატყლის სათამაშოებსა და მძივებს მცხეთის ტურისტულ უბანში ყიდის. მან და მისმა ოჯახმა სახელოსნო “ნერბი” 2014 წელს დააარსეს. 05.05.2018. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

ლალი სადაღაშვილმა და მისმა ქმარმა რასულა ქევხიშვილმა საწარმო “ნერბი” 2014 წელს დააფუძნეს. მათ ამის შესაძლებლობა ევროკავშირის 8 000 ლარის მოცულობის გრანტმა მისცა პროგრამიდან “ტრადიციული რეწვის პერსპექტივა საქართველოში”. ამ დაფინანსებით მათ ოთახის გარემონტება შეძლეს, ასევე მაგიდა, სკამები და საჭირო აღჭურვილობა იყიდეს. ლალი, რომელიც 16 წელია ტრადიციული რეწვის მიმართულებით მუშაობს, ამბობს, რომ ევროკავშირის პროექტიდან მიღებულმა დაფინანსებამ დიდი ხნის სურვილი აუსრულა.

“არ ვამეტებ, ოცნება ავისრულე. სულ მინდოდა სახელოსნო მქონოდა, სადაც შევიდოდი და დამავიწყდებოდა ყველაფერი, მექნებოდა მაგიდა და ვიმუშავებდი”, – ამბობს ლალი სადაღაშვილი.

ლალი სადაღაშვილი საქართველოს რკინიგზაში ტელეკომუნიკაციების სპეციალისტად მუშაობდა. მან თავისი ცოდნის გამოყენება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამსახურიდან დაითხოვეს. დღეს ტრადიციული რეწვიდან მიღებული მოგება მისი მთავარი შემოსავალია.

“ისიც მახსოვს, პირველად 14 ლარი ავიღე, შემდეგ- 44 ლარი და ასე წავიდა ნელ-ნელა. აქამდე სათამაშოებზე ორიენტირებული ვიყავი, მაგრამ ახლა ვატყობ, რომ თექის ფაჩუჩებიც იყიდება”, – ამბობს ლალი სადაღაშვილი.

თავდაპირველად, ლალის ქმარი რასულა, თექაზე მუშაობას სერიოზულ საქმედ არ მიიჩნევდა, თუმცა დროთა განმავლობაში აზრი შეიცვალა. რასულა სახელოსნოში მუშაობასთან ერთად რკინიგზაში მუშაობს.

მატყლის სათამაშოები ლალი სადაღაშვილის სახელოსნოშია დამზადებული. ლალი სადაღაშვილი თექის ფაჩუჩებს, მატყლის სათამაშოებსა და მძივებს მცხეთის ტურისტულ უბანში ყიდის. მან და მისმა ოჯახმა სახელოსნო “ნერბი” 2014 წელს დააარსეს. 05.05.2018. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

“ჩემი მეუღლე  სულ იმაზე მელაპარაკებოდა, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა მატყლით, თუმცა არ მაინტერესებდა. თამაში მეგონა და ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული. ბოლოს დამარწმუნა. წამოვიწყე და მექცა საქმედ”, – ამბობს რასულა ქევხიშვილი.

დათექვა ქსოვილის წარმოების უძველესი მეთოდია. ის ქართული ტრადიციული რეწვის სახეობაა, რომელიც ტურისტებში დიდ ინტერესს იწვევს. ამის გამო “ნერბი” ტურისტებს ვორქშოფებსაც უტარებს. სველი თექვა ერთ-ერთი ბოლო სემინარი იყო, რომელიც სახელოსნოში ტურისტებს ჩაუტარეს. ევროკავშირის დაფინანსებით შექმნილი სტუდია ლალის საშუალებას აძლევს, რომ ტურისტებს მუშაობის პროცესი აჩვენოს.

თექასა და მატყლზე მუშაობას ლალი მცხეთის გიმნაზიაში მოსწავლეებს ასწავლის. ევროკავშირის პროექტით, პასუხისმგებელი იყო, რომ სულ მცირე 5 მოსწავლისთვის ესწავლებინა, ბოლო 4 წლის განმავლობაში მან 16 სტუდენტს ასწავლა.

ევროკავშირის პროექტში მონაწილეობამ გააძლიერა ლალი, მისი ყოველთვიური მოგება თვეში ახლა საშუალოდ 1 500 ლარია. იმედოვნებს, რომ მომავალში მცხეთის ისტორიულ ნაწილში მაღაზიას გახსნის და გამყიდველსაც დაიქირავებს.

კერამიკოსი ოთარ შარაბიძე თეთრიწყაროში ცხოვრობს. მან სახლი ამ ქალაქში 2014 წელს შეიძინა და დასახლდა. კერამიკოსს სურს, რომ თავის სახლში მცირე სტუდია შექმნას, სადაც კერამიკოსებსა და საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს მიიღებს. 21.04.2018. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

[blue_box]ოთარ შარაბიძე: თიხა[/blue_box]

ოთარ შარაბიძე ერთ-ერთია გამოცდილ ოსტატებს შორის, რომელმაც ევროკავშირისგან დაფინანსება მიიღო. 67 წლის კერამიკოსი თბილისიდან 60 კმ-ს დაშორებით სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ თეთრიწყაროში ცხოვრობს.

ოთარ შარაბიძემ კერამიკა 40 წლის წინ თბილისის სამხატვრო აკადემიაში ისწავლა. სწავლის დასრულების შემდეგ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქარხანაში მუშაობდა და პროდუქციის ესკიზებს ამზადებდა. 1990-იანი წლებიდან იგი დამოუკიდებლად მუშაობს. 1996 წელს სტამბულში გაემგზავრა და ერთ-ერთ უნივერსიტეტში ასწავლიდა. 2014 წელს დაბრუნდა და თეთრიწყაროში დასახლდა, სადაც მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული სახლი შეიძინა და აპირებს, რომ აქ კერამიკით დაინტერესებულ ტურისტებს უმასპინძლოს.

ოთარმა გვითხრა, რომ ეზოიანი სახლის ქონა საქმიანობაში ეხმარება. იგი გეგმავს, რომ აქ სახელოსნო და სახლი მოაწყოს, რათა ორი ოთახი კერამიკოსებს ან სხვა დაინტერესებულ ადამიანებს მიაქირაოს და მათთან ერთად იმუშაოს.

ოთარის ეზო 1 500 მ2-ის ფართობისაა, რომელშიც 30 მ2-ის ფართობის სტუდიის მოწყობას აპირებს. სტუდია წყლითაა მომარაგებული. დენისა და გაზის ღუმელები, ამოსაყვანი ჩარხი და სხვა საჭირო აღჭურვილობა სახელოსნოში დაიდგმება.

ოთარმა ელექტროღუმელი თურქეთიდან ავტობუსით ჩამოიტანა, ხოლო ამოსაყვანი ჩარხი და გაზის ღუმელი ევროკავშირის დაფინანსებით შეიძინა. მისი თქმით, გაზისა და დენის ღუმელებით ნამუშევრებს გაამრავალფეროვნებს.

კერამიკოს ოთარ შარაბიძის ნამუშევრების ნაწილი. შარაბიძე ამბობს, რომ მისი ნამუშევრები ორიგინალურთან ერთად პრაქტიკულიცაა. ოთარ შარაბიძე თეთრიწყაროში ცხოვრობს. მან სახლი ამ ქალაქში 2014 წელს შეიძინა და დასახლდა. კერამიკოსს სურს, რომ თავის სახლში მცირე სტუდია შექმნას, სადაც კერამიკოსებსა და საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს მიიღებს. 21.04.2018. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

კერამისკოსი ამბობს, რომ გაზის ღუმელის გამოყენებით რაკუს ტექნოლოგიით პროდუქციის დამზადებას შეძლებს. რაკუს ტექნოლოგია გულისხმობს შუა წვის პროცესში გაზის ღუმელიდან ნაკეთობის გამოღებას და დახურულ ჭურჭელში, ფოთლებში ან ნახერხში ჩადებას. ამ გზით ხდება ჭიქურის აღდგენა.

ოთარი ამბობს, რომ მისი შექმნილი პროდუქცია არა მხოლოდ დეკორატიული, არამედ პრაქტიკულიცაა. იგი ამბობს, რომ აკეთებს მხოლოდ ერთ ეგზემპლარს და მის მსგავსს არასოდეს იმეორებს.

კერამიკოსი ოთარ შარაბიძე თეთრიწყაროში ცხოვრობს. მან სახლი ამ ქალაქში 2014 წელს შეიძინა და დასახლდა. კერამიკოსს სურს, რომ თავის სახლში მცირე სტუდია შექმნას, სადაც კერამიკოსებსა და საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს მიიღებს. 21.04.2018. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

“ვაკეთებ ერთ ეგზემპლარს, სულ ვცდილობ, რომ ახალი ფორმები შეიქმნას, ხალხურიც მასე იყო, რომ სულ მუდამ ახალი რაღაცები კეთდებოდა. კერამიკა ერთ-ერთი უძველესი ხელოვნებაა, სულ ხომ ვითარდება. ძველ მოდელებს რომ უყურებ, საინტერესო ფორმებია, მაგრამ შენ გინდა ახალი შეიტანო რაღაცა”, – ამბობს ოთარ შარაბიძე.

ოთარი ამბობს, რომ ერთ თვეში დაასრულებს სახლის განახლებას, დაიწყებს მუშაობას კერამიკაზე და მიიღებს დამსვენებლებს თეთრიწყაროში.

სამხატვრო სალონი “სნოველი”, ყაზბეგი

სამხატვრო სალონი “სნოველი” მამა-შვილმა ბიძინა სნოველმა  და მინდია ღუდუშაურმა მთიანი ყაზბეგის სოფელ სნოში შექმნეს. ერთად ისინი ხისგან სკამებს, მაგიდებს, საწოლებს ამზადებენ, რომლებზეც სხვადასხვა გამოსახულებებს ხელით კვეთენ.

მინდია თბილისში დაიბადა, მამამისი კი- სნოში. ბიძინა პროფესიით არქიტექტორია. სტუდენტობისას დატოვა სნო. ხეზე მუშაობა კი მაჰაჩკალაში ისწავლა.

საწოლის თავზე ამოტვიფრული ფარშევანგები, რომლებიც სამხატვრო სალონ “სნოველშია” დამზადებული. სნოველი მამა–შვილმა ბიძინა სნოველმა და მინდია ღუდუშაურმა 2015 წელს დააფუძნეს, ისინი ხისგან ავეჯს ამზადებენ. 05.05.2018. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

“მამაჩემს სურვილი ჰქონდა ვიღაცისთვის ესწავლებინა, გადაეცა ეს ცოდნა, ძალიან ძლიერი ტექნიკა აქვს, სულ ხელით მუშაობს”, – ამბობს მინდია ღუდუშაური.

ბიძინა ამბობს, რომ მას ნიჭიერი სტუდენტები ჰყოლია, თუმცა, რადგანაც მისი გაყიდვები სტაბილური ჯერჯერობით არაა, არ შეუძლია მათი დასაქმება.

მამა-შვილმა სამხატვრო სტუდია “სნოველი” 2015 წელს დააარსეს. პირველი დაფინანსება ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდიდან მიიღეს, შემდეგი დაფინანსება კი პროექტიდან “ხალხური რეწვის პერსპექტივა საქართველოში” მიიღეს. მათ ხეზე სამუშაო სხვადასხვა ხელსაწყო შეიძინეს და დაბეჭდეს ბუკლეტები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

ბიძინა სნოველი, რომელმაც შვილთან, მინდია ღუდუშაურთან ერთად 2015 წელს დააფუძნა სამხატვრო სალონი “სნოველი”, ისინი ხისგან ავეჯს ამზადებენ. 05.05.2018. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

“ბუკლეტები ჩვენი სტუდიის სავიზიტო ბარათივითაა. სადაც წახვალ, აჩვენებ”, – ამბობს მინდია.

მინდიას სურს, რომ სოფელ სნოში სამხატვრო სტუდიაში შექმნილი პროდუქციისთვის საგამოფენო სივრცე მოაწყოს, სადაც სტუმრებსა და ტურისტებს მიიღებს.  

სნოველში შექმნილ ავეჯზე ამოტვიფრულია ფარშევანგები, გრიფონები, გვრიტები, ხარი, ბორჯღალი, საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი გეომეტრიული ჭრები და ქართული მითოლოგიის პერსონაჟი.

მეოთხეკლასელი საბა საბაური  სნოს საჯარო სკოლაში სწავლობს, რომელიც სამხატვრო სტუდიის გვერდით მდებარეობს. იგი ამბობს, რომ გაკვეთილების დასრულების შემდეგ სნოველში მიდის და ხატვას სწავლობს. ხატვის შემდეგ ხეზე ამოწვას ისწავლის.

მინდია ღუდუშაური, რომელმაც მამასთან, ბიძინა სნოველთან ერთად 2015 წელს დააფუძნა სამხატვრო სალონი “სნოველი”. სახელოსნოში ხისგან ავეჯს ამზადებენ. 05.05.2018. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

“ძირითადად მთებს და ეკლესიას ვხატავ. ლამაზია მთები. ჩემი და დადიოდა და მეც მომეწონა, რომ ხატავდა ლამაზად. მინდოდა ლამაზად დახატვა და მეც დავიწყე სიარული. ამოწვა მინდა ვისწავლო”, – ამბობს საბა საბაური.

8 წლის ქეთი აქიაშვილი მინდიას კიდევ ერთი მოსწავლეა. ქეთიც ხატვის გაკვეთილებს ესწრება და აპირებს, რომ ხეზე ხატვა ისწავლოს.

“მე ვისწავლე, როგორ დავხატო სოფლები და ცხოველები, როგორ გავავლო ხაზები და შუქჩრდილები”, – ამბობს ქეთი.

საბა საბაური და ქეთევან აქიაშვილი სამხატვრო სტუდია სალონ “სნოველში” ხატვას სწავლობენ. სამხატვრო სტუდია “სნოველი” მამა–შვილმა ბიძინა სნოველმა და მინდია ღუდუშაურმა 2015 წელს დააფუძნეს. სამხატვრო სტუდიაში ხისგან ავეჯს ამზადებენ. 05.05.2018. ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

ევროკავშირის დაფინანსებით 2012 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, 1500 ადამიანი იყო დასქმებული ტრადიციულ რეწვის ინდუსტრიაში, რაც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 0.07%-ს შეადგენდა. გამოკითხულთა 84% მარტო მუშაობდა, ხოლო 16%-ს სხვებიც ჰყავდა დასაქმებული.

ახლა მათი მთავარი გამოწვევა თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებთან ტრადიციული რეწვის შესაბამისობაში მოყვანაა, რაც მათ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.


სტატია გამოქვეყნდა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი