ახალი ამბები

ექსტრემისტები სალონიკის მერს თავს დაესხნენ, ერთი ბრალდებული საქართველოდანაა

21 მაისი, 2018 • 4768
ექსტრემისტები სალონიკის მერს თავს დაესხნენ, ერთი ბრალდებული საქართველოდანაა

19 მაისს, სალონიკის მერს, იანის ბუტარისს თავს დაესხნენ ქალაქის ცენტრში, სადაც პონტოელი ბერძნებისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართებოდა. თავდამსხმელებმა ჩალეწეს ქალაქის მერის ავტომანქანის მინა და ბუტარისს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

75 წლის მერი ცნობილია თავისი ლიბერალური შეხედულებებით, რაც საბერძნეთში ნაციონალისტების უკმაყოფილებას იწვევს. მერზე თავდასხმა საბერძნეთში პოლიტიკოსების ნაწილმა შეაფასა, როგორც ფაშისტების მიერ მერის შეშინების მცდელობა.  ათენის მერმა ფაქტს ფაშისტური და დემოკრატიაზე პირდაპირი თავდასხმა უწოდა.

ბერძნული მედიის ცნობით, პოლიციამ უკვე დააკავა ორი ბრალდებული, 20 და 36 წლის, რომელთაც აღიარეს, რომ მერს დაესხნენ თავს. ბერძნული მედია იუწყება, რომ 36 წლის მამაკაცი საქართველოს ყოფილი მოქალაქეა, პონტოელი ბერძენი. დაკავების გარდა, პოლიციამ ბრალი წაუყენა კიდევ სამ ადამიანს, რომლებიც, სავარაუდოდ მერზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

ბერძნული მედიის ცნობით, დაკავებულები ამბობენ, რომ გაგონილი ჰქონდათ ქალაქის მერის განცხადება პონტოელ ბერძნებზე, რომელიც მან ადრე გააკეთა, მისი დანახვისას თავი ვერ შეიკავეს და ამიტომაც დაესხნენ თავს.

თესალონიკის მერი თავდასხმის ადგილიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, მან კლინიკა 20 მაისს დატოვა და განაცხადა, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს პონტოელ ბერძნებთან და დანარჩენს ამ თემაზე ქალაქის საკრებულოს სხდომაზე იტყვის.

იანის ბუტარისი თესალონიკის მერის პოსტზე 2011 წლიდანაა. მან მერობის პერიოდში შეძლო ქალაქის ბიუჯეტის დაბალანსება ფინანსური დეფიციტის მიუხედავად.

2012 წელს ბრიტანეთში დაფუძნებულმა ქალაქის მერების ფონდმა ბურატისი მსოფლიოს საუკეთესო მერად დაასახელა.

ბუტარისს ნაციონალისტები ხშირად სდებენ ბრალს პროთურქულ განწყობებში, რადგან მისი მხარდაჭერით, 2013 წელს თესალონიკში გაიხსნა ათათურქის მუზეუმი, სახლის ადგილას, სადაც მიიჩნევენ, რომ თანამედროვე თურქეთის დამფუძნებელი, მუსტაფა ქემალ ათათურქი დაიბადა.

2018 წლის იანვარში, ასევე ბუტარისის მხარდაჭერით, გადაწყდა, რომ თესალონიკიში 2020 წელს ჰოლოკოსტის მუზეუმი გაიხსნება ოკუპაციის დროს დაღუპული 50 000 ებრაელის პატივსაცემად. „ეს მუზეუმი იქნება შუქურა ფაშიზმისა და რასიზმის წინააღმდეგ“ – განაცხადა თესალონიკის მერმა.

მედიის ცნობით, ბუტარისის მერობის დროს თესალონიკში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტების რაოდენობა თურქეთიდან და ისრაელიდან.

ბუტარისი აღნიშნავს, რომ მისი მიზანია არა ის, რომ „ვინმეს მოეწონოს“, არამედ – „იყოს სასარგებლო“.

მასალების გადაბეჭდვის წესი