საქართველოში აივ/შიდსის შემთხვევათა რიცხვი გაიზარდა

2018 წლის 20 მაისის მონაცემებით, საქართველოში აივ/შიდსის 270 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის სტატისტიკაშია აღნიშნული, რომელიც დღეს, 20 მაისს გამოქვეყნდა. ახალ შემთხვევათა რაოდენობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 30-ით მეტია.

ცენტრის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში აივ/შიდსის შემთხვევათა მაჩვენებელი გაზრდილია და 7032-ს შეადგენს. აქედან 5248 მამაკაცი, 1764 კი – ქალია. უშუალოდ შიდსი 3 772 პაციენტს განუვითარდა, 1 440 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ჯანმრთელობის მსოფილო ორგანიზაციის და ადგილობრივ ექსპერტთა ვარაუდით, დღეს საქართველოში აივ/შიდსის შემთხვევათა რაოდენობა აღრიცხულზე ბევრად მეტია და რეალურად 11 000-ს შეადგენს.

შიდსის ცენტრის მონაცემებით, რომელიც გადაცემის გზების მიხედვით აივ ინფიცირებულთა განაწილებას ასახავს, ყველაზე მეტი – 45.4% ჰეტეროსექსუალურ კონტაქტზე მოდის. ინექციური ნარკომანიით აღრიცხულთა 41.3% დაინფიცირდა, 10% კი – ჰომო/ბი-სექსუალური კონტაქტით. 1.4% ვერტიკალური გზით(დედისგან მუცლადყოფნის პერიოდში) დაინფიცირდა, 0.5% კი – სისხლის გადასხმით.

20 მაისს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება. პრესკონფერენციაზე სტატისტიკის გასაჯაროვების შემდეგ, ცენტრის ეზოში მედიკოსებმა და ჟურნალოისტებმა ცაში წითელი ბუშტები გაუშვეს, რომლებზეც გარდაცვლილთა სახელები იყო დატანილი.

საქართველოში შიდსის შემთხვევა, პირველად, 1989 წელს გამოვლინდა.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან