ახალი ამბები

არასამთავრობოები პარლამენტს მოუწოდებენ, გაემიჯნოს დეპუტატის ჰომოფობიურ განცხადებას

19 მაისი, 2018 • 2474
არასამთავრობოები პარლამენტს მოუწოდებენ, გაემიჯნოს დეპუტატის ჰომოფობიურ განცხადებას

პლატფორმა “არა ფობიას!” ავრცელებს აცხადებს, რომ უაღრესად შემაშფოთებელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კობა ლურსმანაშვილის მიერ ჰოფომობიური განცხადების გაკეთება, რომელიც უფრო მეტად ამწვავებს ბოლო დროს გაძლიერებულ აგრესიასა და აღვივებს სიძულვილს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მიმართ.

 18 მაისს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ლურსმნაშვილმა თქვა:  “მაგრამ, როგორც მოქალაქე,  მე ვითხოვ, კატეგორიულად იყოს დაცული საზოგადოების ინტერესები, იმ საზოგადოების, რომლის ინტერესებიც ხშირად ხდება სხვების მიერ ფეხქვეშ გათელილი სწორედაც ნარკომანების, ნარკორეალიზატორების და პიდარასტების მიერ”.

“არა ფობიას!” მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლსეობას, რომ დეპუტატის ამ განცხადებას გაემიჯნონ:

“გარდა იმისა, რომ კობა ლურსმანაშვილი იყენებს სიძულვილის ენას, ამავდროულად იგი ვითარებას წარმოაჩენს იმდაგვარად, თითქოს სწორედ უმცირესობის ჯგუფების ხელშია ძალაუფლება და დაცვას საზოგადოების უმრავლესობა საჭიროებს. აღნიშნული ჯგუფების (ნარკოდამოკიდებული პირების, ნარკორეალიზატორების და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირების) ერთობლივად დასახელებით კი იგი ამკვიდრებს სტერეოტიპს თითქოს ისინი ურთიერთდაკავშირებული და იდენტური პირები იყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ დებატებში გამოხატვის თავისუფლება ყველაზე მაღალი ხარისხით არის დაცული, იგი ამავდროულად გაცილებით მაღალ მოთხოვნებს და პასუხისმგებლობას უწესებს პოლიტიკოსებს საჯარო განცხადებების გაკეთების დროს.

მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას გაემიჯნოს კობა ლურსმანაშვილის განცხადებას და გადადგას ნაბიჯები პარტიის წევრების მიერ სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის კუთხით.

ამასთან, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ მანდატს და სტატუსს, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამებისგან და ნაცვლად საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის სიძულვილისა და შუღლის გაღვივებისა, ქვეყანაში კანონმდებლობის დახვეწაზე, მთავრობის საქმიანობის კონტროლსა და მათზე დაკისრებულ სხვა ფუნქციების განხორციელებაზე, მათ შორის უმცირესობათა უფლებების დაცვაზე იზრუნონ,”- ცხადებს “არა ფობიას!”.

სამოქალაქო პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციები:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI)

თანასწორობის მოძრაობა

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

მასალების გადაბეჭდვის წესი