რამდენად კანონიერად გამოკითხეს/დააკავეს კორკოტაშვილი 17 მაისს?

17 მაისს გია კორკოტაშვილი, რომელიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ ჰომოფობიურ აქციაში მონაწილეობდა,  პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა, შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ იგი დაკავებული არ ყოფილა.

თუმცა თავად კორკოტაშვილი მიიჩნევს, რომ იგი 17 მაისს უსამართლოდ დააკავეს და მისი უფლებები დაირღვა.

“პოლიციური ქვეყანა არის, მართლა პოლიციურ ქვეყანად გადაიქცა. ვიცნობ გახარიას, თითქოს ნორმალური ურთიერთობა მქონდა, მაგრამ რაც მაგათ მე შეურაცხყოფა მომაყენეს, არ ვიცი… არც უწყება ჩამბარებია, არც არაფერი. მიუხედავად იმისა, სადაც მიმიყვანეს, ლოტკინზე, იყო ძალიან თბილი დამოკიდებულება, ფერების მეტი მე იქ ჩვეულებრივი პოლიციელებისგან, რომ აბა რამე ხომ არ გინდათ, რამე ხომ არ გიჭირთ, მაგრამ დავალება ჰქონდათ პირდაპირ, ბრძანება ჰქონდათ. მაგრამ ჩემი უფლებები დაირღვა,”- განაცხადა მან 19 მაისს “ობიექტივის” ეთერში.

17 მაისს გია კორკოტაშვილი იმ დროს დააკავეს, როდესაც ჟურნალისტ ზაზა სვანაძეს ინტერვიუს აძლევდა. ვიდეოჩანაწერიდან, რომელიც ზაზა სვანაძემ გაავრცელა, ირკვევა, რომ ისინი ერთად დააკავეს.

როდის ითვლება ადამიანი დაკავებულად და რა შემთხვევაში არის დაკავება უკანონო?

საიას იურისტი, ნონა ქურდოვანიძე ნეტგაზეთთან საუბრისას განმარტავს, რომ ადამიანი დაკავებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მას პოლიციელმა შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, შედგენილი არის თუ არა დაკავების ოქმი.

“მით უმეტეს, თუ პირი გადაყვანილი იყო პოლიციის შენობაში, ან ზოგადად, თავისუფლება რამდენიმე წუთით ან საათით ჰქონდა შეზღუდული, ამ პერიოდს, რა თქმა უნდა, რაღაც ახსნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა მოუძებნოს. თუ ეს არ იყო ადმინისტრაციული დაკავება, მაშინ გვითხრას, რა იყო ეს იმიტომ, რომ შეუძლებელია, პირს შეზღუდული ჰქონდეს გადაადგილების თავისუფლება და ამ შემთხვევაში ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ ის დაკავებული არ არის. თუ მათ არ შეეძლოთ იმ ტერიტორიის დატოვება, სადაც იმყოფებოდნენ, ითვლება, რომ ისინი, რა თქმა უნდა, იყვნენ დაკავებულები,”- განმარტავს ნონა ქურდოვანიძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, ადმინისტრაციულ დაკავებას თავისი საფუძვლები აქვს და მათი არსებობის გარეშე დაკავება თვითნებურად უნდა ჩაითვალოს. ეს საფუძვლებია:

  • როდესაც ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომა, ანუ, როდესაც პოლიციელი ხედავს, რომ პირმა ჩაიდინა, ან სამართალდარღვევის ჩადენის პროცესშია და სხვა გზით ვერ ხდება მისი შეზღუდვა და ამ ქმედების აღკვეთა, შესაძლებელია ჩაითვალოს, რომ ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები და ამ შემთხვევაში დაკავება იყოს კანონიერი.
  • მეორე საფუძველი არის პიროვნების დადგენა, როდესაც სამართალდარღვევა ჩადენილია, მაგრამ ვინა არის ის პირი, ვინც სამართალდარღვევა ჩაიდინა, ამის იდენტიფიცირება ვერ ხდება, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, პირი იყოს დაკავებული.
  •  შემდეგი საფუძველია, როდესაც სამართალდარღვევის ოქმი უნდა შედგეს სამართალდარღვევის ჩადენის გამო, მაგრამ, ოქმის ადგილზე შედგენა შეუძლებელია და ამ მიზნით ხდება დაკავება.
  • დაკავების საფუძველი ასევე შეიძლება იყოს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დროულად და სწორად განხილვისთვის მნიშვნელოვანია რომ პირის დაკავება.

მისივე თქმით, თუ ადამიანის დაკავების საფუძველი იყო ის, რომ პიროვნების ვინაობა დაედგინათ, ან სამართალდარღვევის ოქმი შეედგინათ, ამ პროცედურას არ სჭირდება დაკავების მაქსიმალური ვადის გამოყენება და როგორც კი გონივრული დრო გავა, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

“დაკავება, როგორც თავისუფლების შეზღუდვის ყველაზე ინტენსიური ჩარევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებობს შესაბამისი საფუძველი. მეორე მხრივ, განმარტება იმისა, რომ პირს რეალურად ჰქონდეს თავისუფალი გადაადგილება შეზღუდული და პოლიციამ თქვას, რომ ეს დაკავება არ არის, ესეც არ ჯდება იმ სტანდარტებში, რასაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს,”- განაცხადა ნინა ქურდოვანიძემ.

ადამიანს შეუძლია, უსაფუძვლო ადმინისტრაციული დაკავება გაასაჩივროს და ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.

“დაკავება შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორთან, ან ზემდგომ პირთან. მაგალითად, შს მინისტრის სახელზე შეიძლება დაიწეროს საჩივარი, რომლითაც მოხდება დაკავების გასაჩივრება. თუ ჩაითვლება, რომ უკანონო დაკავებას ჰქონდა ადგილი, შესაძლებელია, ზიანის ანაზღაურებაზეც იდავოს და მოითხოვოს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება, თუ მატერიალური ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არის, და მორალური – დაკავების პერიოდისთვის, როდესაც ის უკანონოდ იყო ადმინისტრაციული წესით დაკავებული” – განმარტავს ნონა ქურდოვანიძე.

მისივე თქმით, ეს ზოგადი განმარტებაა, კორკოტაშვილის და სვანაძის შემთხვევაში კი ეს როგორ შეფასდება და რა მტკიცებულებები იყო დაკავების განსახორციელებლად, ამაზე ვერ ისაუბრებს, რადგან სრულ ინფორმაციაზე წვდომა არ აქვს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი