სუს-ის ცნობით, 4000 აშშ დოლარის ოდენობით ყალბი ფულის გასაღებაზე ორი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მათ ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე ტანრივერდი კ. და რუსეთის მოქალაქე ვილაიატ ა. დააკავეს.

“დმანისის რაიონში მცხოვრებმა ტანრივერდი კ-მ საქართველოს მოქალაქეს ყალბი ფულის შესყიდვა შესთავაზა. მისი განმარტებით, ყალბი ფული მას თურქეთის რესპუბლიკიდან ჰქონდა შემოტანილი. ტანრივერდი კ-მ და მისმა თანამზრახველმა, რუსეთის მოქალაქე ვილაიატ ა-მ აღნიშნულ მოქალაქეს ორ ნაწილად გადასცეს 4000 აშშ დოლარის ოდენობით ყალბი ფული, რის სანაცვლოდაც 1400 აშშ დოლარი აიღეს. სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ტანრივერდი კ. და ვილაიატ ა. ბრალდებულის სახით დააკავეს,”- აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

მათივე ცნობით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის დამზადებაზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს  7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი