ახალი ამბები

ნაჯა ორაშვილი: ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელების მხოლოდ ერთი არხია – საზღვარი

19 მაისი, 2018 • 21147
ნაჯა ორაშვილი: ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელების მხოლოდ ერთი არხია  –  საზღვარი

კლუბ BASSIANI-ს თანადამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას პასუხობს მინისტრ გიორგი გახარიას საპარლამენტო გამოსვლას და საუბრობს 12 მაისს კლუბებში სპეცოპრაციაზე, ნარკოპოლიტიკასა და იმ საფრთხეებზე, რომელიც თბილისის საკლუბო სცენას ეუქრება.

ნაჯა ორაშვილის კომენტარს სრულად გთავაზობთ:

“12 მაისის ღამეს, როდესაც კლუბში BASSIANI, ჩემი საყვარელი ლეიბლის Giegling-ის საღამო იმართებოდა, ათობით იარაღმომარჯვებული სპეცრაზმელი საცეკვაო მოედანზე შემოიჭრა და მუსიკა გააჩერა. კლუბში მოსულ სტუმრებს შორის უმეტესობა ტურისტი იყო. მოულოდნელი ნიღბიანი სტუმრები მოწვეულ არტისტებს, თანამშრომლებს და კლუბის სტუმრებს შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფება ეგონათ. სპეცოპერაციის მეთაურმა ქართულ ენაზე მიმართა სტუმრებს, რომ მათ ხელთ არსებული ნარკოტიკული საშუალება მათთვის ჩაებარებინათ. თუმცა ეს არავინ გააკეთა, მაგრამ რამდენიმე სტუმარმა ნარკოტიკული საშუალება ძირს დააგდო. დაშინებულ და დაბნეულ უცხოელ სტუმრებს ქართული არ ესმოდათ, სპეცრაზმელების მოთხოვნას კლუბის თანამშრომლები თარგმნიდნენ. პოლიციელებმა 40 წუთის დაგვიანებით შესთავაზეს კლუბის დირექტორს დასწრებოდა ტერიტორიის ჩხრეკას, რომელიც უკვე დაწყებული ქონდათ, რაზეც კლუბის წარმომადგენელმა უარი განაცხადა. ჩვენთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია, ხელებაწეული და მშვიდობიანი მოცეკვავეები რატომ მიაყენეს კედელთან და რა საჭირო იყო მათზე იარაღის მიშვერა.

შემდეგ იყო ორდღიანი ისტორიული აქცია-რეივი, ჩვენი მოთხოვნები და ბოდიში შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან. გიორგი გახარიამ ასევე განაცხადა, რომ აქციაზე ნარკომომხმარებლები კი არა, ქვეყნის მომავალი იდგა.

ამის შემდეგ მინისტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო სესიაზე ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელების სამი მთავარი არხი დაასახელა: ფონიჭალა, ინტერნეტი და კლუბები. მე კი მგონია, რომ ქვეყანაში მხოლოდ ერთი არხია – ეს არის საზღვარი, რომელიც არ ან ვერ კონტროლდება სათანადოდ, რადგან მთელ რესურსს პოლიცია მომხმარებლების დევნაში ხარჯავს. 2017 წლის სტატისტიკის მიხედვით 3 000 ნარკომომხმარებელი და 10 გამსაღებელი იქნა დაკავებული მინისტრმა ასევე არ აღიარა ქვეყნის მთავარი პრობლემა სააფთიაქო ნარკომანია, რომელიც უამრავ ადამიანს ულახავს ჯანმრთელობას. მან ასევე არ გაამახვილა ყურადღება, იმაზე რომ ბოლო პერიოდში თავად სამართალდამცავები იქნენ ნარკორეალიზიაციისთვისდაკავებულები.

მინისტრმა ამ განცხადებით, თითქოს, საქართველოს ტერიტორიაზე კლუბები არის ნარკორეალიზაციის მთავარი პლატფორმა დისკრედიტაცია გაუწია ჩვენს სფეროს, რომელიც საუკეთესოა მთელს მსოფლიოში. კლუბებს ასევე დაუწუნა მენეჯმენტი, რომ ეფექტური გზებით ვერ ვებრძვით ნარკოდანაშაულს. სამწუხაროდ მინისტრმა არ თქვა, რომ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია, ქვეყნის ნებისმიერ ადგილას სხვადასხვა არხების საშუალებით არის შესაძლებელი. როგორც ჩანს მინისტრს დაავიწყდა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მომხმარებლებს “თეთრ ხმაურის მოძრაობასთან” თანამშრომლობით სწორედ კლუბები მოვუწოდებდით უარი ეთქვათ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისგან. პირადად მე და კლუბის დამფუძნებლები, “თეთრი ხმაურის მოძრაობა”, ვცდილობდით თავიდან აგვეცილებინა ტრაგედიები ოჯახებისთვის, ფატალური ინტოქსიკაციები, რომლებმაც ამ ქვეყნის 5 ახალგაზრდა სიცოცხლე იმსხვერპლა. თუმცა სამწუხაროდ დღემდე არ ვიცით თუ რა ნივთიერებასთან გვაქვს საქმე.

ერთი კვირის განმავლობაში კლუბებში იარაღიანი სპეცრაზმის შეჭრის გასამართლებლად სამი სხვადასხვა მიზეზი მოვისმინეთ:

1. მომწამვლავი ნივთიერებისგან დაცვა. პრევენციულად, სიცოცხლეზე ზრუნვის მოტივით მომხმარებლებისთვის ნივთიერებების ჩამორთმევა (34 ლოკაცია).

2. კლუბებიდან სასწრაფოს გამოძახების გახშირება. რითაც რეალურად დააშინეს და ნდობა დაუკარგეს ადამიანებს ზედოზირების დროს სასწრაფო დახმარების ბრიგადებთანმიმართვისთვის.

3. რეალიზატორებსა და კლუბის ინფრასტრუქტურას შორის კავშირის დასადგენად.

პარლამენტში მიწვეულმა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ხუთი თვის განმავლობაში ხორციელდებოდა წინასწარი საგამოძიებო სამუშაოები, გაურკვეველია რა საჭირო იყო ხუთ თვიანი გამოძიება ტურისტებსა და მოცეკვავეებზე მიშვერილი იარაღით, მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლით და სტრესით დასრულებულიყო. მათ კლუბთან თანამშრომლობაზე არც ერთხელ მოუმართავს, როდესაც ჩვენ ღიაობა ინტოქსიკაციების პირველივე ინფორმაციის მიღებისთანავე უკვე გაცხადებული გვქონდა.

როგორც აღვნიშნე, პირველი ვიყავი ვინც კონკრეტული მომწამვლელი ნივთიერების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და ატეხა განგაში. ამიტომ, მინისტრის განცხადება, თითქოს კლუბის ადმინისტრაციას მათთვის არ მიუმართავს არის სიცრუე. არათუ მათ, მე მივმართე ჯანდაცვის სამინისტროსაც.

“მოვუწოდებ სახელმწიფო ინსტიტუტებს და შესაბამის უწყებებს, უმოკლეს დროში მიიღონ შესაბამისი პრევენციული ზომები ჯანდაცვის საკითხების მიმართულებით. ამასთანავე, სასწრაფოდ დაიბლოკოს ის ვებ-საიტები, საიდანაც ეს კონკრეტული ნივთიერება ხელმისაწვდომი გზებით ვრცელდება.” – ჩემი 29 აპრილს გამოქვეყნებული ფეისბუქის სტატუსიც ამას ამტკიცებს.  23 აპრილს კი “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ფეისბუქის გვერდის მეშვეობით გავავრცელეთ ინფორმაცია “მეფედრონის” შესახებ.

პასუხგაუცემელია კითხვა, მაშინ როდესაც უკიდურესად მომწამვლავი ნივთიერება ტრიალებდა ბაზარზე და ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტი რატომ არ აკავებდა რეალიზატორებს საკონტროლო შესყიდვისთანავე? რატომ მისცა მათ 5 თვის განმავლობაში დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების უფლება და კრიზისულ პერიოდში რატომ დააყენა მან ადამიანთა სიცოცხლე საფრთხის ქვეშ?

შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კლუბის ტერიტორიაზე არავინ გაუჩხრეკიათ, როდესაც სამართალდამცავებმა ჩვენი ორ თანამშრომელს, კლუბის ხელოსნებს მათსავე ოთახში საფუძვლიანი ჩხრეკა ჩაუტარეს. მინისტრმა ისიც თქვა, რომ არცერთი ტერიტრორიაზე თმის ღერი არ ჩამოვარდნია არვის და  დაზარალებული ადამიანი არ არსებობს, როდესაც, სამართალდამცავებმა “BLOW BAR”-ის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ საჩივარი სახალხო დამცველთან უკვე შესულია. აღარაფერს ვსაუბრობ  პოლიციელების მხრიდან გარე პერიმეტრზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე, სადაც უამრავი ადამიანი უკანონოდ იქნა დაკავებული.

მინისტრმა ასევე აღიშნა რომ მსგავსი ღონისძიებები ტარდება ყველა ქვეყანაში, სადაც საკლუბო ინდუსტრია არის განვითარებული, თუმცა, მე ვერ ვიხსენებ ბერლინის კლუბებში შეჭრილ სპეცრაზმელებს, არც ლონდონის საკულტო კლუბში “FABRIC”-ში შევარდნილი იარაღიანი პოლიციელები მახსენდება. არც 2007 წელს იბიცაზე კლუბებში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების მაგალითად მოყვანაა რელევანტური, თბილისის სცენა რადიკალურად განსხვავდება მისგან.

მაშინ როდესაც ქალაქ თბილისის მერიას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად თანამედროვე მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი დარგი ღამის ეკონომიკის განვითარება აქვს დასახელებული, ვფიქრობ, მსგავსი ფორმებით, მათ შორის კლუბების დახურვით და სტუმრების დაშინებით ნარკოდანაშაულთანბრძოლადაუშვებელია. ასევე დაუშვებელია ღამის კლუბების დემონიზირება. მინისტრის თქმით 70 კაცისთვის გართობაში ხელის შეშლაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო მიღებული სარგებელი, მე არ ვიცი რა სარგებელი მოიტანა ამ ღონისძიებამ, მაგრამ ვიცი, რომ კლუბების გარეთ დაჭერილ გამსაღებლებს შეეწირა თბილისის საკლუბო სცენა, რომელმაც დიდი აღიარება მოუტანა ჩვენს ქალაქს, მათ შორის მნიშვნელოვნად განავითარა საკლუბო ტურიზმი. საინტერესოა, იღებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩვენი სფეროს განადგურებაზე პასუხისმგებლობას, რომლის განვითარებისთვის წლებია უამრავი შრომა გვაქვს გაწეული და რატომ არ გაიაზრა, რომ სპეცრაზმელების შემოჭრის ნაცვლად ადმინისტრაციასთან წინასწარ თანამშრომლობა უკეთეს შედეგს გამოიღებდა. ეს ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაშინ როდესაც პოლიციასა და საზოგადოებას შორის ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია, 12 მაისის მოვლენების შემდეგ კი ეს უფსკრული უფრო გაღრმავდა. ასევე, 11 მაისს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 45% მიიჩნევს, ხოლო 15 % თავს იკავებს, რომ ადამიანის დაკავების მიზნით, პოლიციელების მხრიდან ნარკოტიკების ჩადების პრაქტიკა არსებობს. რა თქმა უნდა ეს შიში ჩვენც გვაქვს, რადგან ჩადების ფაქტები სასამართლომ არაერთხელ დაადასტურა, აქვე, ისიც გვახსოვს რომ ამისთვის დღემდე არავინ დასჯილა. კლუბი BASSIANI ზუსტად ერთი კვირაა დახურულია და არ ვიცით როდის გაიხსნება, არ ვიცით რა ღონისძიებები მიმდინარეობს შიგნით.

ყოფილ ბიზნეს ომბუდსმენსა და ბიზნესის სფეროდან მოსულ მინისტრს ყველაზე კარგად უნდა ესმოდეს თუ რა ეკონომიკური და სოციალური ზიანი მოგვადგა ამ ღონისძიების ჩატარებით. ვინ აიღებს პასუხისმგებლობას არამხოლოდ ჩვენს ზარალზე, არამედ ჩვენს ინდუსტრიაზე მომდგარ ფინანსურ ზიანზე, როდესაც ამ ზარალისგან დაცვა შესაძლებელი იყო: უხელფასოდ დარჩენილი თანამშრომლები, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში შელახული იმიჯი, ჯარიმები და სანქციები, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე გვაქვს არტისტებთან და სააგენტოებთან გაფორმებული.

ასევე შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს გავლენიანი მედია გამოცემა Resident Advisor მსოფლიოს 7 ქალაქში, მათ შორის თბილისში, კერძოდ კლუბში BASSIANI ატარებს 24/7 სერიას, სადაც უამრავი სტუმარი და მუსიკოსი აპირებს ჩამოსვლას. რას ვეუბნებით ამ ადამიანებს, როდის გაიხსნება კლუბი, როდის მიეცემათ ადამიანებს მუსიკის მოსმენის, ცეკვისა და განტვირთვის საშუალება?

ჩვენ, კლუბის წარმომადგენლები, სტუმრები და უბრალოდ მოქალაქეები თავს ვგრძნობთ თავისუფლება წართმეულად და ღირსებაშელახულად და ბოდიშის მიღმა სწორედ ეს პასუხისმგებლობაა გასააზრებელი.

და ბოლოს, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის დასაწყისი იმისთვის, რომ ნარკორეალიზატორებისქსელი გამოავლინოს, რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა, თუმცა იარაღმოშვერილი სპეცრაზმელების ფონზე ამ ქვეყანაში დარჩენის, მუშაობის და საერთოდ ქვეყნის განვითარების რესურსს ვეღარ ვხედავ”

მასალების გადაბეჭდვის წესი