ნარკოტიკი არავის ჩაუბარებია, დაყარეს და მოიშორეს “ფაქტები” – გახარია კლუბებში სპეცოპერაციაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისას, სამართალდამცველების მიმართვის მიუხედავად, ნარკოტიკული საშაულებები არავის ჩაუბარებია და მხოლოდ დაყარეს მოშორების მიზნით 34 ადგილზე. ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

შს მინისტრის თქმით, პოლიციის მიზანი იყო, რომ ნარკორეალიზატორები დაეკავებინათ გარეთ. გახარიას განცხადებით, შსს-ს არ უნდოდათ სპეციალური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება კლუბების შიგნით, რადგან იქ მხოლოდ ჩხრეკის განჩინება ჰქონდათ სასამართლოსგან.

“გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ არავის არაფერი ჩაუბარებია, მიუხედავად მიმართვისა. ეს იყო ჩვეულებრივი დაყრა. ადამიანებმა, უბრალოდ, მოიშორეს “ფაქტები”. ეს არ ყოფილა ჩვენი მიზანი და რომც ყოფილიყო, ჩვენი შესვლა იქნებოდა ლეგიტიმური და აბსოლუტურად გამართლებული. ჩვენი ამოცანა იყო, დაგვედგინა, როგორ მუშაობს ეს სისტემა, სადაც კლუბი და კლუბური ცხოვრება გამოიყენება, როგორც პლატფორმა ამ სინთეტიკური ნარკოტიკების გავრცელების,” – განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში.

მინისტრის განცხადებით, მეორე საკითხია, იყვნენ თუ არა ჩართული ნარკორეალიზების საქმეში კლუბების მფლობელები:

“ესეც გამოძიების შეკითხვაა, მაგრამ ფაქტი, რომ კლუბი გამოიყენება როგორც პლატფორმა ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების, ეს არის დადასტურებული. ვინ იყო ამაში ჩართული, რა სახით და რა ფორმით, ამას გამოძიება დაადგენს და შესაბამის პასუხს გასცემს.”

სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს. როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით უწყებამ დაასტურა, რომ კლუბის ტერიტორიაზე ამ 8 ადამიანიდან მხოლოდ ერთი  ადამიანი დააკავეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.