ახალი ამბებისამართალი

აიისა – პოლიციამ საჩვიდმეტმაისოდ გაბერილი პრეზერვატივები გაგვიხეთქა

18 მაისი, 2018 • 7839
აიისა – პოლიციამ საჩვიდმეტმაისოდ გაბერილი პრეზერვატივები გაგვიხეთქა

ქართული პრეზერვატივის კომპანია “აიისა” აცხადებს, რომ პოლიციამ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი აქციისთვის ცისარტყელის ფერებში გამზადებული და ჰელიუმით გაბერილი პრეზერვატივები დაუხეთქა. კომპანიის განცხადებით, გუშინვე ერთ-ერთი მათი თანამშრომელი უკანონოდ დააკავეს.

აიისას განცხადებით, დიდი ხნის წინ ჰქონდათ დაგეგმილი 17 მაისს ჰელიუმით გაბერილი ლგბტ დროშის ფერების პრეზერვატივების პარლამენტის (როგორც საკანონმდებლო ორგანოს) მიმდებარედ გაშვება.

“გუშინდელმა დღემ მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად ჩაიარა, რაც იყო კიდეც შსს-ს მიზანი, თუმცა გამშველებლის სტატუსის ხარჯზე.

დაახლოებით 6 საათზე პოლიციელების ჯგუფმა დაუდგენელი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გაბერილი “ბუშტების” ძებნა და ჩვენი თანამშრომლების მიერ საკუთარი სურვილით იყო განმარტული, რომ დიახ, კურიერის მიერ წამოღებული რამდენიმე წუთში მოსატანი “ბუშტები” იყო ჩვენი შეკვეთა.

ყოველგვარი შელაპარაკების გარეშე ადმინისტრაციული წესით დააკავეს ჩვენი თანამშრომელი და გაანადგურეს (დახეთქეს) ბუშტები. ადგილი ჰქონდა უკანონი ჩხრეკას, ტელეფონის წართმევას და საგამოძიებოში უსტატუსოდ გადაყვანას (დაკავებულის სტატუსი მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გადაწყდა საბოლოოდ),” – აცხადებს “აიისა”.

კომპანიის განცხადებით, ყოვლად უსაფუძვლო დაკვების გარდა, კიდევ ერთხელ დაირღვა მათი ფუნდამენტური და კონსტუტუციურად გარანტირებული – გამოხატვის თავისუფლება.

“აიისას” თანამშრომელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. სასამართლო სავარაუდოდ 19 მაისს გაიმართება. კომპანიის ინფორმაციით, საქმეში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატია ჩართული.

ნეტგაზეთი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა აღნიშნულ საკითხზე, რომლის პოზიციასაც ამავე მასალაში მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი