“ბასიანი” ისევ დალუქულია – როდის გაიხსნება ღამის კლუბი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე მიმდინარეობს კლუბ “ბასიანში” საგამოძიებო მოქმედებები. უწყებაში არ ასახელებენ თარიღს, როდის დასრულდება ეს მოქმედებები.

კლუბ ბასიანის თანადამფუძნებელ ზვიად გელბახიანის თქმით, ამ დრომდე არ იციან, როდის გაიხსნება კლუბი.ზვიად გელბახიანი განმარტავს, რომ სასამართლო განჩინებაში მხოლოდ ის წერია, რომ სამართალდამცავებს კლუბში ჩხრეკის ჩატარების უფლება აქვთ.

“განჩინებაში ნახსენები არ არის, რომ ჩხრეკა მაინცდამაინც ივენთის ღამეს უნდა მომხდარიყო,” – აცხადებს ზვიად გელბახიანი.

კლუბის წარმომადგენლის თქმით, ამ ეტაპზე არ იციან ზარალის ზუსტი ოდენობა, თუმცა, როგორც ის ამბობს, 12 მაისის შემდეგ სამი ღონისძიება გაუქმდა და ეს კლუბზე ფინანსურად უარყოფითად აისახა. ზვიად გელბახიანი განმარტავს, რომ “ბასიანის” ფინანსური ზარალის ზუსტ რაოდენობაზე კლუბის წარმომადგენლები მოგვიანებით გაავრცელებენ ინფორმაციას.

“სამი ივენთი გაგვიუქმდა. ჩვენი შემოსავალი ივენთებზეა დამოკიდებული, შესაბამისად, დიდი ფინანსური ზარალი მოგვადგა. იმის მიუხედავად, რომ კლუბი გაჩერებულია, იჯარას და ხელფასს მაინც ვიხდით. რადგან ვერ ვმუშაობთ და შემოსავალი არ გვაქვს, ბუნებრივია, ზარალიც იზრდება. შემდეგი კვირის ღონისძიებაც ვერ ჩატარდება, რადგან 3-4 დღით ადრე ივენთის დაგეგმვის პოლიტიკა არ გვაქვს. მინიმუმ ორკვირიანი პერიოდია საჭირო ახალი ღონისძიების დასაგეგმად,” – აცხადებს ზვიად გელბახიანი.

სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს. როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით უწყებამ დაასტურა, რომ კლუბის ტერიტორიაზე ამ 8 ადამიანიდან მხოლოდ ერთი  ადამიანი დააკავეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.