ახალი ამბები

ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი – გახარია კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

18 მაისი, 2018 • 6493
ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი – გახარია კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კლუბებში- “ბასიანი” და “გალერი” ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები დასაწყისია და შსს ნარკორეალიზაციის ქსელის გამოვლენას გეგმავს:

“მე მინდა, რომ თქვენ გაითვალისწინოთ, რომ ეს საგამოძიებო მოქმედებები არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი, ეს არის პირველი ნაბიჯები იმ ქსელის გამოვლენის, რომლის დიდი იმედი გვაქვს. […] განჩინება ჩვენ გვქონდა ორზე მეტ კლუბზე და ეს საგამოძიებო პროცსები გრძელდება. ჩვენ აშკარად ვხედავდით იმ კავშირებს, თან მდგრად კავშირებს ადმინისტრაციასა და …. რისი ბრალი იყო ეს- ცუდი მენეჯმენტის, ზოგ შემთხვევაში უკონტროლობის თუ ა.შ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ეს არ არის გამართლება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის ებრძვის და იბრძოლებს ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ და ვერავინ ვერასდროს ვერ შეზღუდავს, სად შევიდეთ და სად არ შევიდეთ”. – განაცხადა გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს; როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა; სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა.

პარლამენტის წინ აქციას ნაციონალისტური ჯგუფები დაუპირისპირდნენ, რუსთაველის გამზირზე14 მაისს, შუაღამისას, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია  აქციის “ჩვენი თავისუფლებისთვის” მონაწილეებთან მივიდა, ორგანიზატორებთან საუბრის მერე ბოდიში მოიხადა და ახალგაზრდებს დაშლისკენ მოუწოდა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ისინი 19 მაისამდე შეწყვეტენ პროტესტს და ამ დღეებში ხელისუფლებასთან გამართავენ მოლაპარაკებებს ნარკოპოლიტიკის შეცვლასთან და კლუბებში შეჭრისას სამართალდამცავების ქმედებების გამოძიებასთან დაკაშირებით. სწორედ ამ მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული აქციების გაგრძელების საკითხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი