ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს სკოლებში დღეს მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა

18 მაისი, 2018 • 3363
საქართველოს სკოლებში დღეს მეთორმეტეკლასელებისთვის  ბოლო ზარი დაირეკა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში, მე-12 კლასელთა ორგანიზებულ  ბოლო ზარს დაესწრო. მათთან ერთად, მინისტრმა ყველა მე-12 კლასელს სწავლის დასრულება მიულოცა და დასახული მიზნების ასრულება და წარმატებები უსურვა.

„გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას –  სკოლის დასრულებას. ის, რაც აქამდე თქვენი ყოველდღიურობა იყო, დღეიდან მარად დაუვიწყარ გამოცდილებად იქცევა,” – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისივე თქმით, სკოლის დამთავრების შემდეგ ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება – ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, ცოდნისა და განვითარების ახალი პერსპექტივებით, მეტი უფლებებითა და ამავდროულად, პასუხისმგებლობით საკუთარი მომავლისა და ქვეყნის წინაშე:

“წარმატებებს გისურვებთ ამ გზაზე.  მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში. რომ წინ შემეცნების სიხარულით აღსავსე და საინტერესო ცხოვრება გელით. და რომ თქვენი სწავლა და შრომა ჩვენ სამშობლოს ისევე გამოადგება, როგორც თქვენ პირად წინსვლას,” – აღნიშნა განათლების მინისტრმა.

2018  წელს, სკოლას საჯარო და კერძო სკოლების 39000-მდე მეთორმეტეკლასელი ამთავრებს. საატესტატო გამოცდები კი, საქართველოს მასშტაბით 20 მაისს იწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი