გეი აქტივისტი თავდამსხმელზე: არანაირი აგრესია არ მაქვს მოძალადე არასრულწლოვნისადმი

გეი აქტივისტი ნიკა გორგილაძე, რომელსაც მთავრობის კანცელარიასთან 17 მაისს მიმდინარე ანტიჰომოფობიურ აქციაზე თავს არასრულწლოვანი დაესხა, ამბობს, რომ დამნაშავეა სისტემა და მას აგრესია არ აქვს თავდამსხმელის მიმართ.

“ამწამს გამოვედი დაკითხვიდან, მივდივარ სახლში. უკეთ ვარ. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედგა, მწერდა, მირეკავდა. ერთი წამით არ ვნანობ აქციაზე დგომას. მშვიდ მონობას ასეთი თავისუფლება მირჩევნია.
უკანასკნელ აღმოხდომამდე ვიტყვი, რომ სიყვარული სიყვარულია! არანაირი აგრესია არ მაქვს მოძალადე არასრულწლოვნისადმი, დამნაშავეა სისტემა, სკოლა, ეკლესია, ოჯახი, სახელმწიფო. ვისურვებდი, მე და ამ ბიჭს უკეთეს საზოგადოებაში გვეცხოვროს.

ბოდიში ჩემს ოჯახს”, – წერს ნიკა გორგილაძე პირად ფეისბუკ გვერდზე.

ნიკა გორგილაძეს არასრულწლოვანი ბიჭი თავს სიტყვით გამოსვლისას დაესხა. პოლიციამ ის მალევე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელი 15 წლის არის.

“ს.კ-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა დააკავეს. გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის 1-ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.


17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თუმცა, 2014 წლიდან საპატრიარქომ ეს დღე ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა.

“თანასწორობის მოძრაობა” 17 მაისს თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ გეგმავდა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას, თუმცა 16 მაისს საღამოს განაცხადეს, რომ აქცია არ შედგებოდა.

მოძრაობის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ უსაფრთხოების გარანტიები აღუთქვა, მაგრამ ფაშისტურმა ნეონაცისტურმა დაჯგუფებებმა პარალელურად დაიწყეს მობილიზება და შეიქმნა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. სწორედ ამ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მოძრაობამ თქვა, რომ 17 მაისს მათი დაგეგმილი აქცია არ ჩატარდება. ადამიანთა ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, რის გამოც მათ დაიწყეს სხვა, ახალი აქციის ორგანიზება. აღნიშნული აქცია პოლიციის ზედამხედველობით, ბარიკადებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე გაიმართა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.