ლავროვი: რუსულ-აფხაზური საგარეო კოორდინაციით კმაყოფილი ვართ

“რუსეთი ძალიან აფასებს იმ წვლილს, რომელიც შეაქვს აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამოკავშირეო ურთიერთობების მთელი კომპლექსის განვითარებაში”.

ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მისალოც წერილში, რომელიც აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაარსების 25 წლისთავს ეხება.

” ჩვენ კმაყოფილი ვართ იმით, რომ ბოლო წლებში რუსულ-აფხაზური საგარეო პოლიტიკური კოორდინაციიის ეფექტური მექანიზმი ჩამოყალიბება შევძელით, რაც საშუალებას გვაძლევს, ერთობლივი ძალისხმევით რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების ამოცანები გადავჭრათ, აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციები გავაფართოოთ და ერთიანი ფრონტით ჟენევის დისკუსიებზე გამოვიდეთ.

ამჟამინდელ პირობებში საჭიროა განსაკუთრებული პრინციპულობა, თანმიმდევრულობა და ცოდნა, რომ მოვახდინოთ ადეკვატური რეაგირება როგორც ღიად მტრულ, ასევე მოჩვენებით მეგობრულ განწყობაზე, ასევე, გამოვიდეთ დამოუკიდებელი აფხაზური სახელმწიფოებრიობის გაძლიერების გრძელვადიანი ინტერესებიდან”.

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.

სერგეი ლავროვი სოხუმში; 2017; ფოტო: sputnik

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი