შსს–ს ცნობით, ლგბტ აქტივისტზე თავდასხმაში ბრალდებული 15 წლისაა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 მაისს თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან მიმდინარე ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილეზე თავდასხმაში ბრალდებული 15 წლის მოზარდია.

“2003 წელს დაბადებულმა ს. კ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აქციაზე სიტყვით გამომსვლელ პირს – 1996 წელს დაბადებულ ნ. გ-ს, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება. ს.კ-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა დააკავეს. გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის 1-ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.


17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თუმცა, 2014 წლიდან საპატრიარქომ ეს დღე ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა.

“თანასწორობის მოძრაობა” 17 მაისს თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ გეგმავდა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას, თუმცა 16 მაისს საღამოს განაცხადეს, რომ აქცია არ შედგებოდა.

მოძრაობის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ უსაფრთხოების გარანტიები აღუთქვა, მაგრამ ფაშისტურმა ნეონაცისტურმა დაჯგუფებებმა პარალელურად დაიწყეს მობილიზება და შეიქმნა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. სწორედ ამ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მოძრაობამ თქვა, რომ 17 მაისს მათი დაგეგმილი აქცია არ ჩატარდება. ადამიანთა ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, რის გამოც მათ დაიწყეს სხვა, ახალი აქციის ორგანიზება. აღნიშნული აქცია პოლიციის ზედამხედველობით, ბარიკადებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე გაიმართა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.