რა გეგმები აქვთ საქართველოზე ცუკრბერგსა და სოროსს მორჩილი სოსანას მიხედვით – ვიდეო

17 მაისს პარლამენტის წინ, ნაციონალისტების აქციაზე სიტყვით გამოვიდა მორჩილი სოსანა.

მისი რწმენით, ფეისბუკის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგსა და ჯორჯს სოროსს აქვთ ქართველი ერის შემცირების გეგმა, რის მიხედვითაც “ავარიებში 100 ათასი ადამიანი უნდა მოკვდეს”. მისივე განმარტებით, 75 ათასი ადამიანი უნდა დაიღუპოს მანქანების შეჯახების შედეგად, 25 ათასი კი ქვეითთან შეჯახებისას. მორჩილ სოსანას ასევე სჯერა, რომ ფაროსანა საქართველოს სწორედ ცუკერბერგისა და სოროსის მცდელობით შემოესია.

სიტყვით გამომსვლელს არ დაუსახელებია მიზეზი, თუ რატომ სწამს მსგავსი ინფორმაციის.


17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, თუმცა 2014 წელს პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღედ დააწესა. ამ დღის შემდეგ საპატრიარქო ყოველ წელს ატარებს ხატით მსვლელობებს, მოუწოდებს მრევლს, გამოვიდეს ქუჩაში და აღნიშნოს “ოჯახის სიმტკიცის დღე”. სხვა წლების მსგავსად, თბილისის ცენტრალური ქუჩები ნაციონალისტებმა 2018 წლის 17 მაისსაც დაიკავეს. დილიდან იმართებოდა მათი აქცია–მსვლელობები. მათ მხრიდან ისმოდა დისკრიმინაციული, შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი განცხადებები.

თანასწორობის მოძრაობა” 17 მაისს თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ გეგმავდა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას, თუმცა 16 მაისს საღამოს განაცხადეს, რომ აქცია არ შედგებოდა. მოძრაობის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ უსაფრთხოების გარანტიები აღუთქვა, მაგრამ ფაშისტურმა ნეონაცისტურმა დაჯგუფებებმა პარალელურად დაიწყეს მობილიზება და შეიქმნა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. სწორედ ამ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მოძრაობამ თქვა, რომ 17 მაისს მათი დაგეგმილი აქცია არ ჩატარდება. ადამიანთა ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, რის გამოც მათ დაიწყეს სხვა, ახალი აქციის ორგანიზება. სწორედ ეს ალტერნატიული აქცია გაიმართა კანცელარიასთან. ამ აქციაზე ერთ აქტივისტს იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც სიტყვით გამოსვლა დაასრულა.

ამის გარდა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე ქალთა საინიციატივო ჯგუფმა თბილისის სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა სამინისტროსთან აქციებით აღნიშნა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com