ევროსაბჭო: შეშფოთებული ვართ საქართველოში ლგბტი პირთა დისკრიმინაციით

ევროპის საბჭო გამოეხმაურა თბილისში 17 მაისს, “ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით ლგბტი თემის მიერ დაგეგმილი აქციის გაუქმებას.

“ლგბტი უფლებადამცველთა ჯგუფების მიერ “ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წუხილების გამო შეწყდა. ლგბტი პირებს უნდა ჰქონდეთ იმავე უფლებებით სარგებლობის საშუალება, რითაც სარგებლობენ სხვები. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა მოქალაქეს, მათ შორის, ლგბტქი პირებს, შეეძლოთ საკუთარი უფლების განხორციელება, მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან დემონსტრაციებში და ამასთანავე, დაცული იყოს ძალადობისგან. ჩვენ შეშფოთებული ვართ ლგბტი პირების მიმართ დისკრიმინაციით როგორც საქართველოში, ისე ევროპის ბევრ ნაწილში”, – ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში, რომელიც დღეს, 17 მაისს გავრცელდა.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, თუმცა 2014 წელს პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღედ დააწესა. ამ დღის შემდეგ საპატრიარქო ყოველ წელს ატარებს ხატით მსვლელობებს, მოუწოდებს მრევლს, გამოვიდეს ქუჩაში და აღნიშნოს “ოჯახის სიმტკიცის დღე”. სხვა წლების მსგავსად, თბილისის ცენტრალური ქუჩები ნაციონალისტებმა 2018 წლის 17 მაისსაც დაიკავეს. დილიდან იმართებოდა მათი აქცია–მსვლელობები. მათ მხრიდან ისმოდა დისკრიმინაციული, შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი განცხადებები.

ლგბტ ორგანიზაციები 17 მაისს თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ გეგმავდნენ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას, თუმცა 16 მაისს საღამოს განაცხადეს, რომ აქცია არ შედგებოდა. მათი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ უსაფრთხოების გარანტიები აღუთქვა, მაგრამ ფაშისტურმა ნეონაცისტურმა დაჯგუფებებმა პარალელურად დაიწყეს მობილიზება და შეიქმნა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. სწორედ ამ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად აქტივისტებმა თქვეს, რომ 17 მაისს მათი დაგეგმილი აქცია არ ჩატარდება. ადამიანთა ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, რის გამოც მათ დაიწყეს სხვა, ახალი აქციის ორგანიზება. სწორედ ეს ალტერნატიული აქცია გაიმართა კანცელარიასთან. ამ აქციაზე ერთ აქტივისტს იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც სიტყვით გამოსვლა დაასრულა.

გარდა ამისა, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე ლგბტ აქტივისტებმა თბილისის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, სხვადასხვა სამინისტროსთან აქციებით აღნიშნა.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.