“აქციის მიზანი იყო, არ მიგვეცა პოლიტიკური ჯგუფებისთვის ჩვენით მანიპულაციის საშუალება”

ლგბტ აქტივისტმა გიორგი კიკონიშვილმა 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღდეგო აქციის გაუქმების მიზეზებზე “ნეტგაზეთთან” ისაუბრა. აქტივისტის განმარტებით, აქციის ჩატარებაზე უარის თქმით,  პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჯგუფებს საშუალება არ მისცეს, ნაციონალისტურ დაჯგუფებებთან შესაძლო დაპირისპირებით ესარგებლათ.

“არავისთვის უცხო არ იქნება იმის თქმა, რომ ეს იყო უმძიმესი გადაწყვეტილება. ბუნებრივია, აზრთა სხვადასხვაობაც იყო, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ შსს-გან დეკლარირებულად გვქონდა გარანტია, რომ  აქცია უსაფრთხოდ ჩაივლიდა, მაგრამ 2013 წელს ჩვენ პირადად პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისგან მივიღეთ უსაფრთხოების გარანტია, თუმცა გამოჩნდა მეორე პოლიტიკური აქტორი საპატრიარქოს სახით და რაც მოხდა ყველას კარგად გვახსოვს.  ჩვენ საქმე არ გვქონდა ერთ ან ორ პოლიტიკურ აქტორთან. 17 მაისის არჩატარების მოტივი და იქ არეულობისა და შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირების მოწყობის მოტივი არაერთ ჯგუფს ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ ის ფაშისტური ჯგუფები, რომლებიც დღეს, 17 მაისს აქციაზე გამოდიან, ისინიც კი არ არიან ერთგვაროვანი. მათ ნაწილს კავშირი აქვს საპატრიარქოსთან, ნაწილს რუსეთის სპეცსამსახურებთან, ნაწილი კი საერთოდ უკონტროლოა. აქედან გამომდინარე,  ვიდექით რეალური საფრთხის წინაშე. 17 მაისის აქციის მთავარი მიზანი იყო არ მიგვეცა პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფებისთვის ჩვენით მანიპულაციის საშუალება. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს აქცია პრინციპში ჩავატარეთ, როცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ მივცემდით პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჯგუფებს ჩვენით მანიპულირების საშუალებას,”-აცხადებს გიორგი კიკონიშვილი.

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღდეგო აქცია, რომელიც 17 მაისს უნდა გაემართა ლგბტ აქტივისტებს, სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, აღარ ჩატარდა. 17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თუმცა, 2014 წლიდან საპატრიარქომ ეს დღე ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.