ახალი ამბები

ანტიჰომოფობიურ აქციაზე სოფო კილაძის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს

17 მაისი, 2018 • 1463
ანტიჰომოფობიურ აქციაზე სოფო კილაძის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს

ანტოჰომოფობიურ აქციაზე აქტივსტებმა მოითხოვეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის გადაყენება და ისეთი ადამიანის დანიშვნა, ვინც უფრო ახლოს იქნება ადამიანის უფლებების სტანდარტებთან.

დღეს, 17 მაისს, თბილისში აქტივისტთა ჯგუფმა  ანტიფომოჰობიური აქცია სხვადასხვა ადგილას გამართა. უშუალოდ ეს აქცია, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საქმიანობა გააკრიტიკეს, 112-თან გაიმართა.

თითოეულ ამ აქციაზე აქტივისტებმა გაუშვეს სხვადასხვა ფერის კვამლი, რაც სიმბოლურად განასახიერებდა იმ პრობლემებს, რასაც ლგბტ თემი აწყდება.

“მნიშვნელოვანია, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ ადამაინის უფლებათა კომიტეტი მათი უფლებების დაცვას უზრუნველყოფს. ადამაინის უფლებათა დაცვის კომიეტის საქმიანობის ამოსავალ წერტილს უნდა წარმოადგენდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და მჭიდრო თანამშრომლობა ადამაინის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობის გამონათქვამებმა თუ ინიციატივებმა გამოხატვის, უმცირესობებისა თუ სხვა უფლებებთან დაკავშირებით არაერთხელ გამოიწვია საზოგადოების პროტესტი. მათი დამოკიდებულება ჩაგრული ჯგუფების მიმართ შეუსაბამოა საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებულ პოლიტიკასთან, ზოგ შემთხვევაში, ეწინააღმდეგება მას და მიმართულია სხვადასხვა ჯგუფების ჩაგვრის გამართლებისკენ.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტს, რომ უზრუნველყოს: სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე, ასევე, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილ გადაცდომებზე ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლი, ჰომო, ბი და ტრანსფობიური დანაშაულის დაგმობასა და თანასწორობის მხარდაჭერაზე ორიენტირებული განცხადებების გაკეთება. ასევე მოვუწოდებთ პარლამენტს, გადააყენოს სოფო კილაძე მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან და შეარჩიოს ისეთი პირი, რომელიც მისი ღირებულებებითა და საქმიანობით ახლოს არის ადამიანის უფლებების  სტანდარტებთან,”- განაცხადეს 112-თან შეკრებილმა აქტივისტებმა.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თუმცა, 2014 წლიდან საპატრიარქომ ეს დღე ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა.

“თანასწორობის მოძრაობა” 17 მაისს თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ გეგმავდა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას, თუმცა 16 მაისს საღამოს განაცხადეს, რომ აქცია არ შედგებოდა.

მოძრაობის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ უსაფრთხოების გარანტიები აღუთქვა, მაგრამ ფაშისტურმა ნეონაცისტურმა დაჯგუფებებმა პარალელურად დაიწყეს მობილიზება და შეიქმნა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. სწორედ ამ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მოძრაობამ თქვა, რომ 17 მაისს მათი დაგეგმილი აქცია არ ჩატარდება. ადამიანთა ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, რის გამოც მათ დაიწყეს სხვა, ახალი აქციის ორგანიზება. მათი თქმით, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებული აქცია 17 მაისს აუცილებლად ჩატარდება მთავრობის კანცელარიასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი