ახალი ამბები

ჯანდაცვა ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანებისთვის – აქცია სამინისტროსთან

17 მაისი, 2018 • 2336
ჯანდაცვა ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანებისთვის – აქცია სამინისტროსთან

აქტივისტთა ჯგუფმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართა. შეკრებილებმა სამინისროსადმი მიმართვა წაიკითხეს, რომლითაც ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანებისათვის სამედიცინო პროცედურებით უზრუნველყოფა მოითხოვეს.

აქტივისტთა განცხადებით, საქართველოში არ არსებობს შესაბამისი სამედიცინო სერვისები, რაც ტრანსგენდერ  და ინტერსექს ადამიანებს მათთვის სახიფათო პროცედურებისაგან ვერ იცავს.

“სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება ჩვენი ყველაზე ფუნდამენტური უფლებაა. საქართველოში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ ხარისხიან სამედიცინო პროცედურებზე. არ არსებობს კლინიკური გაიდლაინი და პროტოკოლი. შედეგად, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანები გადიან პროცედურებს, რომლებიც წამებად მიიჩნევა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, პროცედურებს, რომლებიც შეუქცევად ფსიქიკურ და ფიზიკურ შედეგებს იწვევს.

ჩვენთან ეს საკითხი სრულიად დაურეგულირებელია. მოვითხოვთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშაოს ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლინიკური გაიდლაინები და პროტოკოლები. უნდა დაინერგოს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ინტერსექსი ადამიანების დაცვას სარისკო ქირურგიული ოპერაციებისაგან და ტრანსგენდერი  ადამიანებისთვის ხელმისაწვდომს გახდის სქესის კვლავმინიჭების პროცედურების ჩატარებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღის აღსანიშნავად დღეს გამართული სხვა აქციების მსგავსად, აქტივისტებმა განცხადების ბოლოს ფერადი კვამლი გაუშვეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი