ახალი ამბები

სასულიერო პირი პოლიციას მოუწოდებს, დააკავოს ანტიჰომოფობიური აქციის შესაძლო მონაწილეები

17 მაისი, 2018 • 4206
სასულიერო პირი პოლიციას მოუწოდებს, დააკავოს ანტიჰომოფობიური აქციის შესაძლო მონაწილეები

მართლმადიდებელი სასულიერო პირი, დეკანოზი ელიზბარი, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მრევლთან ერთად აქციას მართავს, პოლიციას მოუწოდებს, თუკი ამ ტერიტორიაზე გამოჩნდებიან ანტიფომოფობიური აქციის მონაწილეები,  დააკავონ.

დეკანოზის განცხადებით, ისინი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ღამის 12.00 საათამდე არავის არ მისცემენ აქციის გამართვის შესაძლებლობას.

პოლიციას გადაკეტილი აქვს რუსთაველის გამზირიდან მთავრობის კანცელარიასთან ასასვლელი გზა, სადაც ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილეები აპირებენ შეკრებას.

 

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, თუმცა 2014 წელს პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღედ დააწესა. ამ დღის შემდეგ საპატრიარქო ყოველ წელს ატარებს ხატით მსვლელობებს, მოუწოდებს მრევლს, გამოვიდეს ქუჩაში და აღნიშნოს “ოჯახის სიმტკიცის დღე”. სხვა წლების მსგავსად, თბილისის ცენტრალური ქუჩები ნაციონალისტებმა 2018 წლის 17 მაისსაც დაიკავეს. დილიდან იმართება მათი აქცია–მსვლელობები. მათ მხრიდან ისმის დისკრიმინაციული, შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი განცხადებები. ამის გამო, ლგბტ პირები და უფლებადამცველები ვერ ახერხებენ თავისუფლად ჩააატრონ საპროტესტო აქცია. ისინი მიზეზად უსაფრთხოების არასაკმარის გარანტიებს ასახელებენ.

“თანასწორობის მოძრაობა” 17 მაისს თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ გეგმავდა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას, თუმცა 16 მაისს საღამოს განაცხადეს, რომ აქცია არ შედგებოდა. მოძრაობის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ უსაფრთხოების გარანტიები აღუთქვა, მაგრამ ფაშისტურმა ნეონაცისტურმა დაჯგუფებებმა პარალელურად დაიწყეს მობილიზება და შეიქმნა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. სწორედ ამ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მოძრაობამ თქვა, რომ 17 მაისს მათი დაგეგმილი აქცია არ ჩატარდება. ადამიანთა ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, რის გამოც მათ დაიწყეს სხვა, ახალი აქციის ორგანიზება. მათი თქმით, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებული აქცია 17 მაისს აუცილებლად ჩატარდება მთავრობის კანცელარიასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი