ახალი ამბები

არსებული საპოლიციო პოლიტიკა ჰომოფობიურ განწყობებს აძლიერებს – აქცია შსს-სთან [ვიდეო]

17 მაისი, 2018 • 2123
არსებული საპოლიციო პოლიტიკა ჰომოფობიურ განწყობებს აძლიერებს – აქცია შსს-სთან [ვიდეო]

17 მაისთან დაკავშირებით აქტივისტთა ჯგუფმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა და მიმართვა გაავრცელა. მათ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე ისაუბრეს და შსს-ს სთხოვეს, შეცვალოს არსებული საპოლიციო პოლიტიკა, რომელსაც ჰომოფობიური განწყობების გამღვივებელს უწოდებენ.

“ჰომოფობიურ, ბიფობიურ და ტრანსოფობიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული ხშირად პოლიციის ეფექტიანი რეაგირებისა და გამოძიების გარეშე რჩება. საპოლოციო სისტემის პირისპირ აღმოჩენილი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები კი ჰომოფობიური პოლიტიკისა და საპოლიციო კულტურის გამო გამეორებით ვიქტიმიზაციას განიცდიან. მსგავს დანაშაულებში იკვეთება ხოლმე პოლიციის მხრიდან ბრალის დაზარალებულებზე გადატანისა და მსხვერპლების დაკავების ტენდენცია.

მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში, პოლიცია თავად მიმართავს ძალადობას ლგბტ თემის წევრების მიმართ და თავის ჰომო-ტრანსოფობიურ დამოკიდებულებას ყველაზე სასტიკი ფორმებით ავლენს. არსებული არაეფექტიანი, დისკრიმინაციული და რეპრესიული საპოლიციო პოლიტიკა აძლიერებს საზოგადოებაში არსებულ ჰომო-ტრანსოფობიურ წინასწარ განწყობებს, ქმნის დაუსჯელობის გარემოს და პოლიტიკურ-სოციალური სივრციდან დისკრიმინირებული ჯგუფების გარიყვას განაპირობებს,” – ამბობენ აქტივისტები.

ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, გატარდეს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც მოიცავს სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებას, პოლიციელების ცნობიერებისა და მგრძნობელობის გაზრდას, ასევე, დამოუკიდებელი შიდა მონიტორინგის მექანიზმების ამუშავებას.

ამავდროულად, როგორც შსს-სთან შეკრებილი აქტივისტები აცხადებენ, ბოლო წლებში არაერთი ფაშისტური ჯგუფი შეიქმნა, რომლებიც საქართველოში კვლავაც ძლიერდებიან. შესაბამისად, აქტივისტები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაინტერესდნენ ამ პოლიტიკური და არაპოლიტიკური რადიკალურად განწყობილი ჯგუფების დაფინანსებაში, ასევე, მათ მიზნებში.

შსს-სთან შეკრებილი აქტივისტები საჭიროდ მიიჩნევენ, რომ შსს-მ ხელი შეუშალოს ფაშისტურ ჯგუფებს, სოციალურ უთანასწორობასა და სოციალური დაპირისპირების გაღვივებაში.

17 მაისთან დაკავშირებით აქტივისტთა ჯგუფი შსს-თან, მემორიალთან მიმართვას ავრცელებს. თემა – სიძულვილით მოტივირებული დანაშაული. ფოტო: ელენე ხაჭაპურიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი