ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

მალენას ოცნება – “პირველი ტრანსგენდერი ქირურგი ვიქნები”

17 მაისი, 2018 • 6225
მალენას ოცნება – “პირველი ტრანსგენდერი ქირურგი ვიქნები”

როგორც მთელ სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანშიც ლგბტ თემის წარმომადგენლებისთვის ცხოვრება რთულია. ერთი და იქივე სქესის ადამიანთა სექსუალური კავშირები ქვეყანაში ჯერ კიდევ 2000 წლიდან დეკრიმინალიზებულია, თუმცა დღესაც გვხვდება ამ ადამიანების დევნის, დისკრიმინაციის და მკვლელობების შემთხვევები.

2017 წლის 11 აგვისტოს ბაქოს პოლიციამ ლგბტ წარმომადგენლებზე ნადირობა გამოაცხადა, რა დროსაც დაახლოებით ასამდე მოქალაქე დააკავეს, სცემეს და გააუპატიურეს. ამ პერიოდის შემდეგ ბევრმა სამუდამოდ დატოვა აზერბაიჯანი.

ლგბტ აქტივისტთა მონაცემებით, ყოველწლიურად აზერბაიჯანს 55-60 ქვიარ-აქტივისტი ტოვებს.

მათ შორის ერთ -ერთია მალენა. ის ჰყვება, რომ ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში საკუთარ თავს ბიჭად ვერ აღიქვამდა.

“უკვე ოთხი წლის ასაკში გოგოდ ვგრძობდი თავს. დედის ტანსაცმელი და ნივთები მომწონდა. ის ტანსაცმელი კი, რასაც მაცვამდნენ, მძულდა და მათში თავს ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობდი. ვთამაშობდი თოჯინებით და ვიყავი თოჯინების დედა”.

მალენა მამის გარეშე იზრდებოდა, რამაც, ალბათ, მისი ცხოვრება ნაწილობრივ შეამსუბუქა. როდესაც მოზარდი იყო, მისი პრობლემები მაშინ დაიწყო. სახლში დედა და დედის მშობლები ცხოვრობდნენ. მალენა მათ ყველაფერს უმალავდა მათი სავარაუდო რეაქციისა და შიშის გამო.

მისი მთავარი სირთულეები ცხოვრებაში 13-14 წლის ასაკიდან დაიწყო, როდესაც დედამ წამწამების შეღებვის დროს “გამოიჭირა”.

“ჯერ თავად მცემა. მერე ყველაფერი ბაბუას მოუყვა, რომელმაც ნათესავი კაცი მოიწვია ჩემთვის ჭკუის სასწავლებლად”.

მას შემდეგ, რაც ნათესავმა კაცმა მალენა სცემა და ქალების ნივთებთან მიახლოება აუკრძალა, სპორტულ კომპლექსში ჩაწერეს, რათა მისი სხეული და მანერები “კაცური” გამხდარიყო. ასევე იძულებით მიიყვანეს ფსიქიატრთან, რომელიც ემხრობოდა თეორიას, რომ მალენა აუცილებლად შეიცვლებოდა.

“ფსიქიატრი მეუბნებოდა, თუ უფრო მეტ დროს გავატარებ ბიჭებთან, ნამდვილი კაცი გავხვდები”.

მალევე პროტესტის ნიშნად სუიციდი სცადა – დედასთან მორიგი კამათის შემდეგ ბევრი ტაბლეტი დალია.

“მაშინ არც მესმოდა, რა ხდება ჩემს თავს და ვფიქრობდი, რომ ოჯახი მართალი იყო. მე არ ვიცოდი, რა იყო ტრანსგენდერი. კარგად ვსწავლობდი და მეცხრე კლასში წიგნებიდან გავიგე ამის შესახებ. მაშინ მივხვდი, ვინც ვიყავი. თუმცა არც მიცდია ამის შესახებ ოჯახისთვის მომეყოლა. ამას უბრალოდ ვერ მიიღებდნენ. მათთვის ტრანსგენდერი ან ნებისმიერი მიკუთვნებულობა, “ტრადიციულის” გარდა, ოჯახის სირცხვილია”.

ინფორმაციის მიღების შემდეგ საკუთარ თავს აღარ ეწინააღმდეგებოდა და აღარც ახლობლებს ამართლებდა.

“ვუყურებდი ვიდეომასალებს, ვისმენდი საუბრებს ლგბტი პერსონებზე. რატომღაც ბევრი იყო დარწმუნებული, რომ ეს ადამიანები ამორალურ ცხოვრების წესით ცხოვრობენ. ვაჭრობენ სხეულით და ა.შ. მე გადავწყვიტე ამ სტერეოტიპის დანგრევა. მიზნად დავისახე ექიმობა. ალბათ, პირველი ექიმი-ტრანსგენდერი ვიქნები და ადამიანები პატივისცემით იქნებიან ჩემდამი განწყობილი- ჩემი წარმატებებისათვის ქირურგიაში და იმისთვის, რომ შემიძლია სხვების სიცოცხლე გადავარჩინო”.

სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარების სურვილს ოჯახში სიხარულით არ შეხვედრიან, რადგან სამედიცინო სფეროს უფრო მეტად ქალების პროფესიად აღიქვამდნენ. ოჯახს სურდა, მალენა სპორტს გაჰყოლდა ან პოლიციელი გამხდარიყო. ის ფაქტორიც კი, რომ მალენამ ყველაზე მაღალი ქულებით შეძლო უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, ოჯახს არ გახარებია

“სტუდენტობის პირველივე წლებში პრობლემები დაიწყო. მხოლოდ ის მინდოდა, გრძელი და ლამაზი თმა მქონოდა და ლამაზად ჩამეცვა. თუმცა ყოველ ჯერზე სახლში სკანდალი იყო, ინსტიტუტში კი ყველა დამცინოდა. პედაგოგი ექიმებიც კი მათ მხარეს იჭერდნენ”.

მეორე კურსზე იყო, როდესაც სქესის კორექციაზე დაიწყო ფიქრი. როგორც კი ამის შესახებ თანაკურსელებს გაუმხილა, მისი ცხოვრება კოშმარად გადაიქცა.

“თანაკურსელმა ყველას წინაშე მცემა. ყველა უყურებდა ამ სცენას და არავის შეუჩერებია”.

მხარდამჭერი არავინ გამოუჩნდა. როდესაც დეკანს შესჩივლა, დეკანმაც მათი გამართლება დაიწყო.

ოჯახი ფულს არ აძლევდა, მალენამ რეპეტიტორობა დაიწყო, აბიტურიენტებს ამზადებდა და ფულს ამ გზით შოულობდა.

მალენამ შეიტყო, რომ ოჯახს მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გამოკეტვა სურდა. სწორედ მაშინ გაიპარა სახლიდან და საბუთები გერმანიის საელჩოში ჩააბარა. ორი თვე ელოდა პასუხს, მთელი ეს პერიოდი კი ქუჩაში ცხოვრობდა. არავის შეუფარებია. დაგროვილი ფულით მხოლოდ საკვების ყიდვა შეეძლო.

როგორც იქნა, საელჩოდან პასუხი მიიღო. მას მისცეს ვიზა. ამჟამად მალენა გერმანიაში ცხოვრობს, ჰორმონოთერაპიაზეა და სქესის კორექტირებას აპირებს

სწავლობს გერმანულს და საკუთარ თავს ქირურგად მოიაზრებს – პირველ ქირურგ ტრანსგენდერად.

ამბობს, რომ გერმანიაშიც არაა მარტივი მისთვის ცხოვრება, თუმცა არ ეშინია, რომ ვინმე სცემს ან მოკლავს. აზერბაიჯანში დაბრუნებას კი არასდროს აპირებს.


17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველოს მსგავსად, ამ დღის საჯარო სივრცეში აღნიშვნა აზერბაიჯანშიც საფრთხეს წარმოადგენს. რაც შეეხება ამ დღისადმი მიძღვნილ დახურულ ღონისძიებებს აზერბაიჯანში,  ლგბტ თემის წევრებისთვის ორგანიზაცია გენდერი და თანასწორობა კარაოკე საღამოს გამართავს ნორვეგიის, ამერიკისა და დანიის საელჩოები კი ამ ადამინებისთვის მიღებას გამართავენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი