ახალი ამბები

უსუფაშვილი ევროინტეგრაციის პროცესში ზურაბ ჟვანიას როლზე საუბრობს

9 დეკემბერი, 2013 • • 1121
უსუფაშვილი ევროინტეგრაციის პროცესში ზურაბ ჟვანიას როლზე საუბრობს

 

“შეხვედრის დასაწყისში მინდა ვთქვა ის სიტყვები, რომელიც პირველად დაახლოებით 15 წლის წინ გაჟღერდა: მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი. ჩვენი დღევანდელი კონფერენცია ეძღვნება იმ ყველაფერს, რაც ამ ფრაზამ ასე ნათლად და ლაკონურად გამოთქვა. ეს კონფერენცია ეძღვანება საქართველოს წარმატებულ მცდელობას, გახდეს ევროპის დემოკრატიული ქვეყნების დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ჩვენი შეხვედრა ეძღვანება იმ მოვლენას, რომელსაც ადგილი რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ვილნიუსში, როდესაც გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რათა ჩვენი ხალხის ოცნებას ხორცი შეესხას და დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი ევროპაში. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება სწორედ იმ ადამიანის დაბადებიდან 50 წლისთავს, ვინც წარმოთქვა ეს ისტორიული სიტყვები სწორედ მაშინ, როდესაც გავხდით ევროსაბჭოს წევრები – ზურაბ ჟვანია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, პოლიტიკური ლიდერი და უბრალოდ ერთი ძალიან გამორჩეული ადამიანი, რომლის სახელთანაა დაკავშირებული უახლესი ისტორიის უმნიშნელოვანესი მოვლენები. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდოდა ხაზი გაგვესვა იმ მარტივი ჭეშმარიტებისთვის, რომელიც ზოგჯერ გვავიწყდება ხოლმე, რომ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი თემები, რაც ჩვენ ხალხს აღელვებს, არის ისტორიული პროცესი, რომელშიც ბედი გვარგუნებს ხოლმე იმ ბედნიერებას, რომ ჩვენი აგური დავდოთ ამ საქმეში. ევროპული ინტეგრაცია არ არის ერთი ძალის ან ერთი ლიდერის მონაპოვარი, ეს არის გზა, რომელიც გრძელდება და რომლის წარმატებაშიც სერიოზული წვლილი შეიტანა ზურაბ ჟვანიამ. დღეს ეს გზა გრძელდება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

შეხვედრა ადენაუერის ფონდის მიერაა ორგანიზებული. მას პრეზიდენტი და პრემიერ–მინისტრიც ესწრებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი