დიმიტრი ლორთქიფანიძე მედვედევთან დაკავშირებული ორგანიზაციის დირექტორი გახდა – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, ახალი ერთობის, ე.წ. “ეროვნულ ძალთა შეთანხმების” უკან რუსული კვალი ჩანს. TI-ის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ნინო ბურჯანაძის ყოფილი თანაგუნდელი და ე.წ. ქართული მარშის ლიდერების თანამოაზრე დიმიტრი ლორთქიფანიძე რუსეთის ყოფილ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან დაკავშირებული ორგანიზაციის დირექტორად დაინიშნა.

ახალი ერთობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ ორი თვის წინ განაცხადა, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიას, “დემოკრატიულ მოძრაობას” ტოვებს, პოლიტიკაში შესვენებას იღებს და სამოქალაქო სექტორში გადადის.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, რამდენიმე დღით ადრე ლორთქიფანიძე „ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” დირექტორი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია დასტურდება ცენტრის ოფიციალურ რუსულენოვან გვერდზეც. TI-ის ინფორმაციით, ეს ორგანიზაცია 2013 წლის 21 აგვისტოს “საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტმა” და “გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა” დააფუძნა. მათივე ცნობით, გორჩაკოვის ფონდი 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა.

“გორჩაკოვის ფონდი რუსეთის რბილი ძალის გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომლის წესდების მიხედვითაც, ფონდის მიზანია სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების დახმარება საერთაშორისო ურთიერთობებში, მასობრივი ინფორმაციებისა და ინფორმაციული რესურსების საშუალებების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ რუსეთისთვის ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საზღვარგარეთ რუსეთის ინტელექტუალური, კულტურული, სამეცნიერო და საქმიანი პოტენციალის წინ წაწევა, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა სამამულო, უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის,” – წერია TI-ის კვლევაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევით, პრიმაკოვის ფონდი აფინანსებს რუსული ენის უფასო კურსებს საქართველოში, ასევე, სპორტულ, კულტურულ და სხვა სახისღონისძიებებს:

“თუმცა დიმიტრი ლორთქიფანიძის პოლიტიკიდან წასვლა და “ქართული მარშის” ლიდერად გამოჩენა საეჭვოდ ემთხვევა პრიმაკოვის ფონდში მის დირექტორად დანიშვნას და აძლიერებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ნეონაცისტური ძალების გააქტიურება სწორედ რუსულ ინტერესებში შედის.

„ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” ერთ-ერთმა წევრმა ნატალია წერეთელმა 2013 წელს პარტია “თავისუფალ საქართველოს”, ჯამში, 1 228 ლარი შესწირა. “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავაა. 2017 წელს დემოკრატიულმა მოძრაობამ (ნინო ბურჯანაძე) და თავისუფალმა საქართველომ (კახა კუკავა) საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დიმიტრი ლორთქიფანიძე წარადგინეს.”

TI-ის ცნობით, პრიმაკოვის ფონდში დიმიტრი ლორთქიფანიძემ დირექტორის პოზიციაზე ურუზმაგ ქარქუსოვი ჩაანაცვლა, რომელიც სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრი იყო. მათივე ინფორმაციით, ურუზმაგ ქარქუსოვი 2007 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტზეც მუშაობდა:

“ის თანამდებობიდან 2010 წელს გაათავისუფლეს. ურუზმაგ ქარქუსოვი მაშინ აცხადებდა, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკურ მოტივს უკავშირდებოდა. მისი მეუღლე, ნანა ყეინიშვილი 2012-2016 წელს “ქართული ოცნების” სიით პარლამენტის წევრი იყო, ხოლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნანა ყეინიშვილი და ურუზმაგ ქარქუსოვი “ჩვენები-სახალხო პარტიის” სიით იყრიდნენ კენჭს.”

  • საერთაშორისო გამჭვირვლაობა – საქართველოს კვლევა სრულად შეგიძლიათ იხილეთ ამ ბმულზე.

დიმიტრი ლორთქიფანიძე და ე.წ. ქართული მარში კანცელარიასთან გამართულ აქციაზე. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.