ახალი ამბები

შსს: 17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებათა გამო დღეს თბილისში მოძრაობა შეიზღუდება

17 მაისი, 2018 • 1800
შსს: 17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებათა გამო დღეს თბილისში მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 17 მაისს დაგეგმილ აქციებთან და ღონისძიებებთან დაკავშირებით დღესთბილისის რიგ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება.

კერძოდ, დილის 08:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება პავლე ინგოროყვას და პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩებზე. დღის განმავლობაში მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება შემდეგ ქუჩებსა და მოედნებზე: ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე; ასევე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვარდების მოედანზე, ოპერის, პარლამენტის და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე.

გარდა ამისა, დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით 13:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება: კოსტავას ქუჩაზე – მეტროსადგურ “რუსთაველამდე”, ვარდების მოედანზე, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე, გალაქტიონის ხიდის მარჯვენა პანდუსზე, რუსთაველის გამზირზე, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე ამსვლელ ყველა ქუჩაზე, ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე ჩამომსვლელ ყველა ქუჩაზე, თავისუფლების მოედანზე, შალვა დადიანის, კოტე აფხაზის, ალექსანდრე პუშკინის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩებზე, ბარათაშვილის ხიდის მარჯვენა და მარცხენა პანდუსებზე, ავლაბრის მოედანსა და მესხიშვილის ქუჩაზე.

რაც შეეხება ჟურნალისტებს, ღონისძიებების გაშუქების მსურველ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს შსს მოუწოდებს, რომ თან იქონიონ თავისი მედიასაშუალების წარმომადგენლობითი ბარათები (ე.წ. „პრესკარტა“).

წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაიშვებიან იმ ტერიტორიებზე, სადაც მოძრაობა აკრძალული ან შეზღუდული იქნება.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ასასვლელად მედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ მეტროსადგურ თავისუფლების მოედანთან არსებული კიბის საშუალებით.

ჟურნალისტებმა შეკითხვების შემთხვევაში უნდა მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს.

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღდეგო აქცია, რომელიც 17 მაისს უნდა გაემართა ლგბტ აქტივისტებს, სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, აღარ ჩატარდება. 17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა. თუმცა, 2014 წლიდან საპატრიარქომ ეს დღე ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა.

17 მაისს მასშტაბურ ღონისძიებას მართავს საპატრიარქო, რომელსაც რეგიონებიდან მრევლი ჩამოჰყავს ავტობუსებით. ისინი აპირებენ მოაწყონ მსვლელობა, რომელიც ვარდების მოედნიდან და ფილარმონიიდან დაიწყება, გაივლის რუსთაველის გამზირს, ქაშუეთთან შეუერთდება მრევლის ნაწილი და სამების ეკლესიისკენ წავლენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი